პრეზიდენტი - საკონსტიტუციო კომისიის მიერ არა კონსტიტუციის შინაარსობრივ გადახედვასთან გვაქვს საქმე, არამედ საუბარია კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაზე

პრეზიდენტი - საკონსტიტუციო კომისიის მიერ არა კონსტიტუციის შინაარსობრივ გადახედვასთან გვაქვს საქმე, არამედ საუბარია კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაზე

რა გადაწყვეტილებისკენაც მიდის საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის არჩევითობასთან დაკავშირებით, ჩემთვის დასანანია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიაში გაჟღერებულ პოზიციებს გამოეხმაურა. 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ნათლად დაფიქსირდა, რომ საკონსტიტუციო კომისიაში არა კონსტიტუციის შინაარსობრივ და სიღრმისეულ გადახედვასთან გვაქვს საქმე, არამედ საუბარია კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაზე. 

„როდესაც ლაპარაკია იმაზე, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული კონკრეტულად ერთი პოლიტიკოსის, კონკრეტულად მოქმედი პრეზიდენტიდან გამომდინარე, ეს ნათლად აჩვენებს, რომ მოტივაცია პროცესის არის არა კონსტიტუციიის შინაარსობრივი გადახედვა, არამედ ამ კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაკავშირებული შეხედულებები. მოდი გავიხსენოთ ჩემი პოზიცია საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით, მე არასდროს არ შევსულვარ დეტალებში ამა თუ იმ შეხედულების განხილვის, არამედ სულ ორი პოზიცია დავაფიქსირე: პირველი - ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას პრეზიდენტის არჩევის უფლება, მეორე - კონსტიტუციის გადახედვის პროცესში ქართველ ხალხს უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავისი პოზიციის დაფიქსირების, არა მარტო პრეზიდენტთან დაკავშირებით, არამედ მთლიანად საჯაროდ იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც არის ჩვენი თანაცხოვრების მთავარი დოკუმენტი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

პრეზიდენტმა საზოგადოებას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ პირველი მიზანი - პრეზიდენტის არჩევა ხალხს შეძლებოდა, არ იქნა წართმეული. 

„საზოგადოების აქტიურობით თქვენი პოზიციის ნათლად დაფიქსირებით თქვენ დაიცავით როგორც ეს ინსტიტუტი, ასევე თქვენი უფლება აირჩიოთ ქვეყნის პრეზიდენტი. ეს არის ის ბრძოლა, რომელიც საზოგადოებამ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოიგო. ამ პროცესის შედეგად თქვენ ვერ წაგართვეს არჩევის უფლება, მაგრამ ბუნებრივია, ეს არის პირველი მიღწევა. როგორც მოგახსენეთ, მეორე მიზანიც ნათლად იყო გადაწყვეტილი და განსაზღვრული, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონოდა შესაძლებობა თავისი შეხედულება, მოსაზრება დაფიქსირებულიყო კონსტიტუციის გადახედვის პროცესში. როგორც მოგახსენეთ, ამ მეორე მიზანსაც მე მივაღწევ და განვახორციელებ და საქართველოს მოქალაქეებს შევუქმნი ფართე და აქტიურ ფორმატებს იმისთვის, რომ არა მარტო პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, არამედ საზოგადოდ, დააფიქსირონ თავიანთი შეხედულებები და ეს შეხედულებები იქნას გაზიარებული“, - განაცხადა პრეზიდენტმა.