სამხედრო ძალები საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს არა პრეზიდენტის, არამედ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით იმოქმედებენ

სამხედრო ძალები საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს არა პრეზიდენტის, არამედ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით იმოქმედებენ

საქართველოს სამხედრო ძალები საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით იმოქმედებენ. 

საქართველოს კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერის გაკეთების ინიციატივა ”ქართულ ოცნებს” ეკუთვნის, რაც ასახულია კიდეც მათ მიერ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილი პროექტის სამუშაო ვარიანტში.

ამავე პროექტით, სამხედრო ძალების სტრუქტურას პრეზიდენტის ნაცვლად, მთავრობა დაამტკიცებს და ასევე, მთავრობა წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად სამხედრო ძალების რაოდენობას. 

მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული პროექტით, ეროვნული უშიშროების საბჭო თავდაცვის საბჭოთი იცვლება, რომელიც არ იქნება პრეზიდენტთან არსებული მუდმივი ორგანო და მხოლოდ საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში შეიქმნება. 

ამავე პროექტით, არ იცვლილება საქართველოს კონსტიტუციის ის ჩანაწერი, რომლის მიხედვით, სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი და დასამტკიცებლად შეაქვს პარლამენტში, თუმცა სახელისუფლებო გუნდის ინიციატივაა ის, რომ გადაწყვეტილება ეკოლოგიური კატასტროფისა და ეპიდემიის დროს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ მთავრობამ მიიღოს, რასაც პარლამენტის მიერ დამტკიცება არ დასჭირდება. 

”ქართული ოცნების” მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, რომელიც ჯერ მხოლოდ სამუშაო ვარიანტს წარმოადგენს, პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილებად რჩება სამხედრო ძალების გენერალური შტაბის უფროსის დანიშვნა და გადაყენება, უმაღლესი სამხედრო წოდებების მინიჭება, საომარი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.