ქალაქ ბორდოს მერი ალენ ჟუპე მზად არის „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს იმ შემთხვევაში თუ პრაიმერიზის გამარჯვებული ფრანსუა ფიიონი საარჩევნო კამპანიას დატოვებს, - იუწყება სააგენტო „ფრანს პრესი“ ალენ ჟუპეს გარემოცვაში წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს ინფორმაციით, ალენ ჟუპე „უარს არ იტყვის საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობის მიღებაზე ორი პირობის შესრულების შემთხვევაში: „თუ ფრანსუა ფიიონი გადაწყვეტილებას მიიღებს თავისი კანდიდატურის მოხსნაზე და მემარჯვენე ცენტრისტები ჟუპეს ირგვლივ გაერთიანდებიან“.
გუშინ ქალაქ ნიმში გამართულ მიტინგზე ფრანსუა ფიიონმა განაცხადა, რომ მტკიცედ აპირებს ბოლომდე წასვლას. აქამდე კი თვითონ ჟუპე, რომელმაც ფიიონთან პრაიმერიზის მეორე ტურში წააგო, ამბობდა, რომ არ დაუშვებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას.