თუ საპატრიარქო არ არის ისეთი როგორიც საჭიროა, ჯობია, რომ ეს გამომზეურდეს და გაუმჯობესებისკენ გადაიდგას ნაბიჯები, - ამის შესახებ ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ”ციანიდის საქმეზე” კომენტირებისას განაცხადა.
”ეკლესიასთან დაკავშირებით რაღაც პრეტენზიები სულ არსებობდა, ოღონდ მერე ეს პრეტენზიები იჩქმალებოდა, ე.წ. ჯიპიანი მღვდლების თემა. წამოიწია ეკლესიის თემატიკამ, ისეთ ჭრილში როგორიცაა პატრიარქზე მუქარა, მასზე ხელის აღმართვის რისკი”, - განაცხადა საყვარელიძემ.
მისივე თქმით, ამ პროცესში არის არამხოლოდ შიდა პოლიტიკური დაპირისპირება, არამედ გარე პოლიტიკური ინტერესებითაც მოქმედებენ ვიღაცები ისე, რომ არ ვიცით ვინ.
”ყველა ფრჩხილი რომ გაიხსნას, ყველა ჩრდილიანი ადგილი რომ განათდეს ამის მომხრე ვიქნებოდი. ამით საზოგადოებაც ამოისუნთქავს და საპატრიარქოც. თუ საპატრიარქო არ არის ისეთი როგორიც საჭიროა, ჯობია, რომ ეს გამომზეურდეს და გაუმჯობესებისკენ გადაიდგას ნაბიჯები, ვიდრე ახალგაზრდა თაობას შევთავაზოთ ხარვეზიანი რამ. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გარეშე საქართველოს ცხოვრება თანამედროვე პოლიტიკურ პირობებში შეიძლება ძალიან ცუდი იყოს”, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.