“ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ”რუსთავი 2”-ის კონტროლი გადაწყვიტა, ქიბარ ხალვაშიც ამ კონტროლის ერთ-ერთი რგოლი იყო, - ამის შესახებ ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, ”რუსთავი 2” 2003 წლამდე დიდი ნახტომებით იზრდებოდა, ხოლო შემდეგ ტელევიზიის და ”ნაციონალური მოძრაობის” ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა.
”რუსთავი 2”-ს ვიცნობ რუსთავიდან. ”რუსთავი 2”-მა ევოლუცია განიცადა, პიკი 2003 წელი იყო. იქამდე ძალიან დიდი ნახტომებით იზრდებოდა სწორედ იმის ხარჯზე, რომ ეს იყო დეპოლიტიზირებული ტელევიზია. უბრალოდ, იმ პერიოდში, მაშინდელი რეფორმატორების ”ნაციონალური მოძრაობის” და ტელევიზიის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. “ვარდების რევოლუციის” მერე, როდესაც ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ამ ტელევიზიის ძალა დაინახა, პირველი რაც გააკეთა ტელევიზიის კონტროლი გადაწყვიტა. ვიცით, როგორ განხორციელდა ეს კონტროლი, ქიბარ ხალვაშიც ამ კონტროლის ერთ-ერთი რგოლი იყო. მე, როგორც ვიცი, არ ვარ ზუსტად დარწმუნებული, დვალი და აქიმიძე იბრძოდნენ იმისთვის, რომ პოლიტიზირება არ მომხდარიყო, ანუ ”რუსთავი 2” არ შერწყმოდა ამა თუ იმ პარტიას. ეროსი კიწმარიშვილმა გაიტანა თავისი ვერსია, რომ ასეთი შერწყმა მომხდარიყო”, - განაცხადა საყვარელიძემ.