რამაზ საყვარელიძე - კარვებში საპროტესტოდ სხედან პოლიტიკოსები, სიტყვის თავისუფლებასთან რომ გვქონდეს საქმე, საპროტესტოდ ისხდებოდნენ ჟურნალისტები

რამაზ საყვარელიძე - კარვებში საპროტესტოდ სხედან პოლიტიკოსები, სიტყვის თავისუფლებასთან რომ გვქონდეს საქმე, საპროტესტოდ ისხდებოდნენ ჟურნალისტები

კარვებში საპროტესტოდ სხედან პოლიტიკოსები, სიტყვის თავისუფლებასთან რომ გვქონდეს საქმე, საპროტესტოდ ისხდებოდნენ ჟურნალისტები, - ამის შესახებ ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ”რუსთავი 2”-ით დაინტერესებული არიან პოლიტიკოსები. 

”მედიასაშუალების პოლიტიკაში ჩართვა ყოველთვის გულისხმობს პოლიტიკურ დაპირისპირებას. ამ პოლიტიკურ დაპირისპირებაში მედია რაც უფრო გაჯიუტდება და მძაფრი გახდება, მით უფრო მეტად არის პოლიტიზირებული. დღეს არამგონია, რომ საერთოდ თავისუფალ სიტყვაზე არის საუბარი, ეს ღიმილის მომგვრელიც არის და გულდასაწყვეტიც. ის, რომ პოლიტიკოსები არიან ”რუსთავი 2”-ით დაინტერესებული, ამას ვხედავთ მხარდამჭერებში - ძირითადად ”ნაციონალური მოძრაობის” ამა თუ იმ ფრთაში. ის, რომ დვალზე და აქიმიძეზე დაიწყო საუბარი ნიშნავს, რომ საუბარია ”რუსთავი 2”-ის დეპოლიტიზაციაზე. ”რუსთავი 2” რა ხარისხისაცაა ეს დავით დვალმა გააკეთა, მისი დამსახურებაა, ეს ხარისხი. ”რუსთავი 2”-ის დეპოლიტიზაციის საკითხი თუ დგას ”ნაციონალური მოძრაობის” მომხრისთვის ეს იქნება უარყოფითი მოვლენა, ხოლო ”ნაციონალური მოძრაობის” მიმართ კრიტიკულად განწყობილისთვის, ეს იქნება დადებითი პროცესი. მე მათ მიმართ კრიტიკულად ვარ განწყობილი. კარვებში საპროტესტოდ სხედან პოლიტიკოსები, სიტყვის თავისუფლებასთან რომ გვქონდეს საქმე საპროტესტოდ ისხდებოდნენ ჟურნალისტები”, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. 

ის ასევე ნიკა გვარამიას შეთავაზებას გამოეხმაურა, სადაც ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, ”რუსთავი 2” მის კოლექტივს მიჰყიდოს. როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, ქიბარ ხალვაში ამ შეთავაზებას არ მიიღებს, რადგან მას ”ნაციონალურ მოძრაობასთან” „ძველი ანგარიშები“ აქვს. 
„ნიკა გვარამიას შეთავაზება პოლიტიკური შეთავაზებაა და არა მედიის თავისუფლებისთვის. ხალვაშს აქვს ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ძველი ანგარიშები, ასეთ შეთავაზებას არ მიიღებს, აქ ეკონომიკაში არაა საქმე, სწორედ მის პოლიტიკურ დამოკიდებულებაშია. ეს შეთავაზებაც ღიმილისმომგვრელია იმ მხრივ, რომ ტელევიზია სამი მილიონი არ ღირს, მეტი ღირს. ნახონ რამდენად გაყიდა კიწმარიშვილმა თავის წილი, ის თანხა ღირს დაახლოებით”, - განაცხადა საყვარელიძემ. 

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია შპს „პანორამა“.