ზაქარია ქუცნაშვილი - გვარამია-სააკაშვილამდე ვინც კი იყო მესაკუთრე, დამფუძნებელი თუ მფლობელი, ყველა მიიჩნევს, რომ ეს ტელევიზია წაართვეს

ზაქარია ქუცნაშვილი - გვარამია-სააკაშვილამდე ვინც კი იყო მესაკუთრე, დამფუძნებელი თუ მფლობელი, ყველა მიიჩნევს, რომ ეს ტელევიზია წაართვეს

უზენაესი სასამართლოს დიდი პლენუმის გადაწყვეტილებით დადასტურდა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილების სისწორე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა უზენაესი სასამართლოს მიერ ,,რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით გუშინ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ჯამში 14-მა მოსამართლემ შეამოწმა ამ გადაწყვეტილების სისწორე. 

როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, შეფასებები გაკეთებული სამოტივაციო ნაწილის წაკითხვის გარეშე, არის ჰაერში გაკეთებული და ზედაპირული.
კითხვაზე, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის საჩივარი ,,რუსთავი 2”-თან დაკავშირებით პროკურატურაში თაროზეა შემოდებული და ხომ არ არის შერჩევითი სამართალი, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაეცა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ ის არავის ადვოკატი არ არის და არც საქმის მბრალდებელი პროკურორია, მითუმეტეს, არც მოსამართლე. 

,,მე, ერთი ვიცი, რომ გვარამია -სააკაშვილამდე ვინც კი იყო მესაკუთრე, დამფუძნებელი თუ მფლობელი, ყველა მიიჩნევს, რომ ეს ტელევიზია იყო წართმეული. იგივე აქიმიძე, იგივე დვალი, ცხონებული კიწმარიშვილი, იგივე ხალვაში. ყველა წინა მფლობელი მიიჩნევს, რომ ტელევიზია იყო წართმეული. ახლა ესენი ერთმანეთში როგორ შეთანხმდებიან და როგორ მოილაპარაკებენ, ჩვენი საქმე არ არის”, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურებას, რომ დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია საფრთხეშია, ქუცნაშვილის თქმით, მას არ მიაჩნია, რომ ,,რუსთავი 2” არის საქართველოს დამოუკიდებელი მედიის გარანტი. 

,,პირიქით, მიმაჩნია, რომ ,,რუსთავი 2” , როცა გამარჯვებული ხალხის ტელევიზია იყო, ტყუილს ლაპარაკობდა და უამრავი ფაქტის მოყვანა შეიძლება. ახლა როცა გვარამია - სააკაშვილის ტელევიზიაა, ახლაც ტყუილს ლაპარაკობს, ასე, რომ მე არ მივიჩნევ, რომ თქვენ გაქვთ უფლება მონოპოლიზირება მოახდინოთ ყველა მედია საშუალების უფლებისა, რომ თქვენზე გადის დამოუკიდებლობა. თქვენ როგორ შეიძლება იყოთ დამოუკიდებლობის სიმბოლო?! ეს ხომ ცინიზმი და შეურაცხყოფაა დანარჩენი ყველა ჟურნალისტის მიმართ. დღეს თქვენ ბოროტად სარგებლობთ სოლიდარობის იმ სტანდარტით, რაც არსებობს ჟურნალისტურ საზოგადოებაში. ხმას ვერ იღებენ ჟურნალისტები თქვენთან მიმართებაში თორემ, ხომ ყველამ იცის, რომ თქვენ არ ხართ დამოუკიდებლობის გარანტი. არასდროს არ ყოფილხართ ობიექტური ტელევიზია”, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

რაც შეეხება შეთავაზებას, რომ ქიბარ ხალვაშმა ,,რუსთავი 2” მის კოლექტივს მიჰყიდოს, ქუცნაშვილის თქმით, პოლიტიკოსების მხრიდან რამის კარნახი ან რჩევა სწორი არ იქნება.

,,დვალი, აქიმიძე, ხალვაში როგორ მოიქცევიან, ეს მათი გადასაწყვეტია. რა უფლება გვაქვს ჩვენ, ვურჩიოთ, იდავეთ, ან შეწყვიტეთ დავა, იყიდეთ ან გაყიდეთ. ეს პოლიტიკოსების საქმე არ არის. და ნუ აიძულებთ თქვენ დღევანდელ ხელისუფლებას, ჩაითრიოთ ამ ყალბ პროცესში. როგორც იქნა, ამოვდივართ ამ წუმპედან, რომ პოლიტიკური ხელისუფლება ერიდება სასამართლო და მედიაში მიმდინარე პროცესს და თქვენ მიგვათრევთ ამისკენ, რომ ისევ პოლიტიკური ხელისუფლება იყოს სასამართლოს მონაწილე. ისევ პოლიტიკური ხელისუფლება იყოს მედია მმართველობის მთავარი განმსაზღვრელი”, - განაცხადა ქუცნაშვილმა.