ჩვენ ხელს ვუწყობთ საზოგადოების პროგრესს. ეს კი მხოლოდ სიყვარულით და ერთობით ხდება

ჩვენ ხელს ვუწყობთ საზოგადოების პროგრესს. ეს კი მხოლოდ სიყვარულით და ერთობით ხდება

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გენდერის კვირეულის ფარგლებში, კამპანიის - "კაცები ზრუნავენ" - ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

კამპანია "კაცები ზრუნავენ" ხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდისა და არასამთავრობო როგანიზაცია We Care-ის მიერ.

"მე პირადად ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიებაში ვიღებ მონაწილეობას. ვფიქრობ, რომ უაღრესად საჭირო და დროულია მსგავს თემებზე, მსგავს პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების კონცენტრირება, ინფორმაციის გაცემა! მსოფლმხედველობის სწორად ჩამოყალიბებისთვის საჭიროა მაქსიმალური ხელშეწყობა სხვა და სხვა სახის კამპანიებით და აქტივობებით.

ჩვენი ქვეყანა არა მარტო პოლიტიკური და ეკონომიკური გარდატეხის ეტაპზე იმყოფება, ჩვენეს გარდატეხა ცნობიერების შეცვლით, შემაფერხებელი სტერეოტიპების ნგრევით და ახალი ჰარმონიული საზოგადოების ფორმირებით უნდა დავიწყოთ, შესაბამისად ამ საზოგადოების შემადგენელი წევრების, სოციალური პოზიციის და გენდერული კუთვნილების მიუხედავად თითოეული ადამიანის თავისუფლებას, საკუთარ თავში თავისუფლების მოპოვებას უნდა შევუწყოთ ხელი.

მამაკაცის როლი ამ ფორმირების, ამ პროგრესის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ - მამაკაცები, მამები და მომავალი მამები - ვუზრუნველყოფთ ჩვენი შვილების მენტალობის სწორად ჩამოყალიბებას, ვქმნით ბედნიერებას, რომ თავი იგრძნონ მათ კომფორტულად არა მარტო საკუთარი ოჯახების და გარემოს წიაღში, არამედ საზოგადოებაში, რომელშიც უნდა შეაბიჯონ და რომლის ღირებულებებს თუ ფასეულობებს შეეწყონ, გაითავისონ.... რა გვაქვს ჩვენ დღეს და რა უნდა შევცვალოთ ხვალისთვის, რა უნდა დავახვედროთ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობებს?

მოდი ვიყოთ გულახდილები, ჩვენს საზოგადოებაში დომინანტი არც ქალია და არც კაცი, ჩვენს საზოგადოებაში ძალადობა და გაუცხოება, განათლების დეფიციტი და ბავშვების მიმართ არასწორი დამოკიდებულება დომინირებს!

ბავშვების მიკროგარემო, ოჯახი, საიდანაც პირველ ნაბიჯებს დგავს პიროვნულ ჩამოყალიბებაში, თუ როგორია მათი როლი? - ხშირ შემთხვევაში არასახარბიელო.

ჩვენ კაცებმა უნდა ბრძოლით მოვიპოვოთ საზოგადოების გაჯანსაღების პირობები. დიახ, ეს არის ბრძოლა საკუთარ თავთან, საკუთარ და გვერდზე მდგომ არასწორ მიდგომებთან, სისხლში და აზროვნებაში გამჯდარ მახინჯ სტერეოტიპებთან. ოჯახის უფროსი პირველ რიგში არამხოლოდ ქალი, არამხოლოდ მამაკაცია - ეს არის სიყვარული და ურთიერთგაგება. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მთავარია ვაღიაროთ ის ფაქტი, დავინახოთ ის პრობლემები, რომელიც დღეს ქვეყანაში და საზოგადოებაშია და მე მიხარია, რომ დღეს ზუსტად ჩვენ აქ ვართ შეკრებილი რომ ამ თემაზე ღიად ვისაუბროთ, ღიად ვისაუბროთ იმ პრობლემებზე რომელიც აწუხებს ზოგადად ჩევნს საზოგადოებას.

ჩვენ მამაკაცები ვართ ერთი მთლიანი ქალებთან. ჩვენ ერთნაირად მონაწილეები და ერთნაირად პასუხისმგებლები ჩვენი მომავალი თაობების აღზრდაში, ჩვენი შვილების აღზრდაში. ჩვენ ხელს ვუწყობთ საზოგადოების პროგრესს. ეს კი მხოლოდ სიყვარულით და ერთობით ხდება, როგორც პარტნიორთან, ისე გლობალურად საზოგადოებაში.

ძალიან საჭირო საქმეს ხართ შეჭიდებული და ძალიან მიხარია რომ ამ თემამ, ამ პრობლემამ წლიდან წლამდე ამდენი მიმართულება, ამდენი დაინტერესებულობა და ჩართულობა გამოიწვია.

მე მინდა კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ ჩემი მხარდაჭერა, ჩემი აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა. მე მივესალმები კიდევ ერთხელ ამ წამოწყებას, ამ პროექტის განხორციელებას და მინდა დაგიგასტუროთ ჩემი მხარდაჭერა, როგორც რიგითი მოქალაქის, როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერის. მე მაქსიმალურად მივიღებ მონაწილეობას, მაქსიმალურად დაგეხმარებით იმაში თუ რა არის გასაკეთებელი, განსახორციელებელი. მე ძალიან კარგად მესმის ის პრობლემები რომლებიც აწუხებს ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.

მე თვითონ სამი შვილის მამ ვარ და ძალიან კარგად მესმის მამის როლი ჩვენი შვილების აღზრდაში. ჩვენი, თითოეული ჩვენთაგანის მონაწილეობა, თუნდაც შვილებთან ურთიერთობაში და ის სტერეოტიპები რომლებიც იყო საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, რომ თითქოს მარტოდ ედამ უნდა მიიღოს შვილის აღზრდაში მონაწილეობა და მამა უნდა იყოს დაკავებული - ოჯახში შემოსავალი შემოიტანოს - მე ამას ნამდვილად არ ვეთანხმები, როგორც ჩვენი მეუღლეების როლი არის მნიშვნელოვანი - ასევე, ჩვენი კაცების, მამების როლი არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი შვილების აღზრდაში.

კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, მადლობა ამ შეხვედრის ორგანიზატორებს და დარწმუნებული ვარ ჩვენ ძალიან ბევრ სასიკეთო და მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ ამ მიმართულებით!“ - განაცხადა კახა კალაძემ.