„რუსთავი 2“ არ წაართვეს პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს, „რუსთავი 2“ წაართვეს ქართველს ხალხს

„რუსთავი 2“ არ წაართვეს პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს, „რუსთავი 2“ წაართვეს ქართველს ხალხს

„რუსთავი 2“ არ წაართვეს პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს, „რუსთავი 2“ წაართვეს ქართველს ხალხს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ გადაცემაში „არჩევანი“ „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, არავის ჰქონდა იმედი, რომ უზენაესი სასამართლო მართლა იმსჯელებდა და სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანდა.

„ყველა წინაპირობა და ნიშანი არსებობდა იმის, თუ რა გადაწყვეტილება იქნებოდა, მაგრამ დღეს კიდევ ერთი ახალი „სიმაღლე“ დაიპყრო ქართულმა სასამართლო სისტემამ იმით, რომ ფორმალურადაც კი არ მოინდომეს თუნდაც იმის შთაბეჭდილება დაეტოვებინათ, თითქოს რაღაცაზე იმსჯელეს. ყველამ ვიცოდით, რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა, მაგრამ რაღაც ელემენტარული ღირსება მაინც დაეცვათ, საკუთარი ღირსება მაინც დაეცვათ, 3-4 დღე გაეწელათ პროცესი, რომ ვითომ რაღაც იფიქრეს და ისე გადაწყვიტეს. დღეს საერთოდ გატყდა იმის ბოლო იმედი, რომ ოდნავ მაინც ღირსეული გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამ ხელისუფლების და ამ სასამართლოს პირობებში. ასევე საგანგაშოა უმრავლესობის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ძალიან ვწუხვარ, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში და უმრავლესობაში არ ჩანს ადამიანი, რომელსაც ეყოფა საღი აზრი, რაღაც წინააღმდეგობა მაინც გაუწიოს ამ გადაწყვეტილებას. ეს არ გახლავთ გამოწვევა „რუსთავი 2“-ის და პოლიტიკოსების, ეს არის საზოგადოების გამოწვევა და რამდენად ადეკვატურ პასუხს მიიღებს ხელისუფლება, დამოკიდებულია საზოგადოებაზე“, - განაცხადა ბაქრაძემ.