მედიაპლურალიზმი არის ის სიახლე და მიღწევა, რომელიც პირველ რიგში სწორედ ჩვენს გუნდს მიეწერება

მედიაპლურალიზმი არის ის სიახლე და მიღწევა, რომელიც პირველ რიგში სწორედ ჩვენს გუნდს მიეწერება

ვინც არ უნდა იყოს მესაკუთე, როგორც არ უნდა იყოს გადანაწილებული საკუთრებითი უფლებები მედიის სფეროში, უნდა იყოს დაცული მედიაპლურალიზმი - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, არ აქვს მიღებული ინფორმაცია ამ გადაწყვეტილებასთან, ამ განჩინებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესები, მედიაპლურალიზმი უნდა იყოს უზრუნველყოფილი და თითოეული ჟურნალისტის, ყველა ტელეარხის, ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტის ინტერესები იყოს დაცული.

„მე ერთადერთი, არ შემიძლია ვთქვა ზოგადად, აქედან გამომდინარე, რომ მედიაპლურალიზმი არის ჩვენი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა. ჩვენ გვახსოვს რა მდგომარეობა იყო ამ კუთხით 2012 წლამდე. იყო სამი ნაციონალური ტელეარხი, რომელიც მთლიანად კონტროლდებოდა მაშინდელი მმართველი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და ეს ვითარება არის რადიკალურად შეცვლილი 2012 წლის შემდეგ. მედიაპლურალიზმი არის ის სიახლე და ის მიღწევა, რომელიც სწორედ ჩვენს გუნდს მიეწერება პირველ რიგში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ მიღწევას ვუფრთხილდებით განსაკუთრებულად. შესაბამისად, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საქართველოში, როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესები, მედიაპლურალიზმი იყოს უზრუნველყოფილი და თითოეული ჟურნალისტის, ყველა ტელეარხის, ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტის ინტერესები იყოს დაცული. ჩვენ, პარლამენტის უფლებამოსილების ფარგლებში, ბუნებრივია ამისათვის გავაკეთებთ ყველაფერს. ეს არის ჩვენი პოზიცია, კიდევ ერთხელ, მედია პლურალიზმი არის ის მიღწევა, რომელიც სახეზეა 2012 წლის შემდეგ და ამ მიღწევას განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. მთავარი არის შემდეგი - ვინც არ უნდა იყოს მესაკუთე, როგორც არ უნდა იყოს გადანაწილებული საკუთრებითი უფლებები მედიის სფეროში, იყოს დაცული მედიაპლურალიზმი - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია, ამასაც ხაზგასმით ვიტყვი, რომ უზრუნველყოფილი იყოს მედიაში ოპონირება, უშუალოდ ხელისუფლების ოპონირება. ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მედიაპლურალიზმს და ამას აუცილებლად გავაკეთებთ და ჩვენ უნდა დავიცვათ ჟურნალისტების უფლებები“, - განაცხადა კობახიძემ.