მმართველი გუნდის საბოლოო პოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის თითოეულ წევრთან კონსულტაციის შემდეგ გახდება ცნობილი

მმართველი გუნდის საბოლოო პოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის თითოეულ წევრთან კონსულტაციის შემდეგ გახდება ცნობილი

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის საბოლოო პოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის თითოეულ წევრთან კონსულტაციის შემდეგ გახდება ცნობილი.

როგორც კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის უმრავლესობა მხარს უჭერს, თუმცა გარდა გუნდის ხელმძღვანელობისა, არის საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც შედგება 116 დეპუტატისგან.

„რაც შეეხება ძლიერ პარლამენტს. ამ კუთხით ვფიქრობთ, რომ სხვადასხვა ცვლილება არის განსახორციელებელი კონსტიტუციაში. მმართველი გუნდის ხელმძღვანელობის უმრავლესობის პოზიციაა, რომ მიზანშეწონილია ჩვენ გადავიდეთ არსებითად პროპორციულ საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე და კონკრეტული მოდელი შევთავაზეთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას. ჩვენ კომისიის სხდომაზეც ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ეს არის ხელმძღვანელობაში ჩამოყალიბებული პოზიცია, თუმცა გარდა გუნდის ხელმძღვანელობისა, არის საპარლამენტო უმრავლესობა - 116 დეპუტატი. საბოლოო პოზიცია ჩვენი მხრიდან შესაძლოა გაცხადდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის თითოეულ წევრთან გავივლით კონსულტაციებს და ამის საფუძველზე ჩამოვაყალიბებთ საბოლოო პოზიციას“,- განაცხადა კობახიძემ.