ნიკა გვარამია:   სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა

ნიკა გვარამია: სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა

საქართველოს უზენაესმა სასმართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, კომპანია მიეკუთვნა ქიბარ ხალვაშს. სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნებულია უზენაესი სასამართლოს საიტზე http://www.supremecourt.ge/

უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-სა და მისი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარი განიხილა. ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებული დავა უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა.

დიდი პალატა 9 მოსამართლისგან შედგება, რომელიც შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომელიც ამავე დროს აღნიშნულ პალატასაც ხელმძღვანელობს; მზია თოდუა; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ როინიშვილი; პაატა ქათამაძე; ბესარიონ ალავიძე; მაია ვაჩაძე; ზურაბ ძლიერიშვილი; გიორგი შავლიაშვილი და ეკატერინე გასიტაშვილი, რომელიც დიდი პალატის წინაშე საქმის მომხსენებელია.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-სა და მისი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარს თავდაპირველად სამი მოსამართლისგან, პაატა ქათამაძის, ბესარიონ ალავიძისა და ეკატერინე გასიტაშვილისგან შემდგარი კოლეგია განიხილავდა, თუმცა მათი გადაწყვეტილებით სარჩელი განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა. საკასაციო საჩივრით ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-სა და ძმებ ყარამანიშვილების ადვოკატები თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოდნენ, რომლითაც ”რუსთავი 2”-ის წილები არხის ძველ მფლობელს ქიბარ ხალვაშს და მის კუთვნილ კომპანიებს მიაკუთვნეს.