უზენაეს სასამართლოსთან „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

უზენაეს სასამართლოსთან „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აღნიშნული აქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, გია ბარამიძემ გახსნა. მან უზენაეს სასამართლოსთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

”მოგესალმებით საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლებს, მოგესალმებით თავისუფლების მოყვარე ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც კარგად გაქვთ შეგნებული, რომ დღეს აქ, უზენაესის სასამართლოს წინ ვდგავართ, ვთხოვთ და მოვითხოვთ მოსამართლეებისგან, რომ მათ მიიღონ ის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც შეუნარჩუნებს ჩვენს ქვეყანას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მედიასაშუალებას, როგორიც არის ”რუსთავი 2”. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს მხოლოდ ”რუსთავი 2”-სთვის ბრძოლა არ არის. ეს არ არის მხოლოდ ერთი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებისთვის ბრძოლა. ეს არის თითოეული მედიასაშუალების, თითოეული ჟურნალისტის, რომელსაც აქვს გამბედაობა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომ გადასცეს ნებისმიერი, მართალი ინფორმაცია, მათ შორის ის ინფორმაცია, რომელიც არ აწყობს ხელისუფლებას, რომელსაც აქვს იმის უნარი, რომ თქვას ის სიმართლე, რაც უხერხულია ხელისუფლებისთვის. ამიტომ, დღეს არის ბრძოლა ”რუსთავი 2”-თვის, მაგრამ არის ბრძოლა საქართველოში მედიათავისუფლებისთვის, თითოეული ჩვენგანის თავისუფლებისთვის”, - განაცხადა გია ბარამიძემ.

„რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაში რიგით მოქალაქეებთან ერთად, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. უზენაეს სასამართლოსთან იმყოფებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც. 

აქცია „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვის პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.