საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის გამარტივება იგეგმება

საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის გამარტივება იგეგმება

საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის გამარტივება იგეგმება. 

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, უნდობლობის ვოტუმის საკითხი ვენეციის კომისიის მიერ მთავარი კრიტიკის საგანი იყო და მმართველი გუნდის პოზიციაა, აღნიშნული პროცედურა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდეს.

„მთელი კონცეფცია, რომელიც იყო შემოთავაზებული თავის დროზე, აგებული იყო იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრი და მთავრობა პრაქტიკულად იყო ხელშეუხებელი. რეფორმის კონტექსტი იყო საპრეზიდენტო ძალაუფლების პრემიერ-მინისტრზე გადატანა. შესაბამისად, უკიდურესად გართულდა უნდობლობის გამოცხადება. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა არის ამ პროცედურის ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა“, - განაცხადა კობახიძემ. 

მისივე თქმით, უნდოლობის ვოტუმთან დაკავშირებით იყო გარკვეული სპეკულაციები, კერძოდ, როდესაც საუბარია უნდობლობის ვოტუმის დახვეწაზე, მედიასაშუალებები და ზოგიერთი ექსპერტი ამას თარგმნიან ისე, თითქოს პარლამენტი უპირისპირდება მთავრობას, რაც არასწორია. 

„ხშირად, როგორც წესი, გადის აბსოლუტურად განსხვავებული ინფორმაცია კომისიის გარეთ. 5 მეტრში იკარგება სიმართლე. გადიან ამ კარებიდან კომისიის წევრები და მედიასთან აკეთებენ ისეთ კომენტარებს, რომლებიც საერთოდ არ არის შესაბამისობაში რეალობასთან“, - დასძინა კობახიძემ და კომისიის წევრებს მედიამდე ინფორმაციის მაქსიმალური სიზუსტით მიტანისკენ მოუწოდა.