გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მთავრობის ეკონომიკური გუნდის მუშაობა პოზიტიურად შეაფასა

გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მთავრობის ეკონომიკური გუნდის მუშაობა პოზიტიურად შეაფასა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მთავრობის ეკონომიკური გუნდის მუშაობა პოზიტიურად შეაფასა და პირველ ვიცე- პრემიერს, ფინანსთა მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს მადლობა გადაუხადა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან მიღწეულ შეთანხმებას სამწლიანი ეკონომიკური პროგრამის დაწყების შესახებ, რომელიც 285 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსდება.

„უმნიშვნელოვანესი მუშაობა დასრულდა. სავალუტო ფონდმა პრინციპში გახსნა ახალი 3 წლიანი პროგრამა საქართველოსთვის, რაც ნიშნავს როგორც პირდაპირ დაფინანსებასაც ბიუჯეტში, ასევე მწვანე შუქის ანთებას ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისთვის საქართველოს მიმართ დაფინანსების გაგრძელების კუთხით, რაც უპირველს ყოვლისა, იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გადადგმული ნაბიჯები ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით, აბსოლუტურად სწორია. რაც ნიშნავს, რომ 4 პუნქტიანი პროგრამა ძალიან წარმატებულია და მან წარმატებით აიღო სტარტი. მწვანე შუქი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან დაფინანსების კუთხით, თავის მხრივ, უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სივრცითი განვითარების პროგრამა აუცილებლად წარმატებით განხორციელდება, რაც თავის მხრივ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დინამიკის სრულიად სხვა დონეს ნიშნავს. ასევე ნიშნავს უამრავ ახალ სამუშაო ადგილს, ინვესტიციებს უკვე კერძო სექტორის მხრიდანაც პარალელურად და მინდა ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან კარგი სტარტი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 285 მლნ დოლარის მოცულობის ახალ პროგრამაზე შეთანხმება მიღწეულია, - ამის შესახებ გუშინ განცხადება პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სსფ-ის მისიის შედეგების შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა, რომელიც მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინთან ერთად გამართა. ქუმსიშვილის თქმით, ორი კვირის განმავლობაში, მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. 

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობას, ეროვნულ ბანკს და ფონდის მისიას შორის მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა სავალუტო ფონდის ახალ პროგრამაზე ”გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) ფარგლებში, რომელზედაც შეთანხმება მიღწეულია.