გიორგი კვირიკაშვილი:  ევროპამ კარი გაუღო საქართველოს მოქალაქეებს

გიორგი კვირიკაშვილი: ევროპამ კარი გაუღო საქართველოს მოქალაქეებს

ევროპამ კარი გაუღო საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს, ეს არის ძალიან დიდი ნდობის გამოხატულება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტში გუშინდელ ხელმოწერას. 

პრემიერმა ეს წარმატება საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა. 

„ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, ნამდვილად. ეს არის უმნიშვნელოვანესი წარმატება. პრაქტიკულად, ევროპამ კარი გაუღო საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს. ეს არის ძალიან დიდი ნდობის გამოხატულება. მე მინდა ყველა თქვენგანს დიდი მადლობა გადავუხადო. ეს არის დიდი შრომის შედეგი, მათ შორის ჩემი წინამორბედი პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დროს შესრულდა ტექნიკური გეგმის დიდი ნაწილი. ეს დაიწყო 2012 წელს, ამ წელს მივიღეთ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, როდესაც პრემიერი გახლდათ ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ჩვენი დიდი წარმატება, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს არის მთელი 25 წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არაერთი ადამიანის გმირული მოღვაწეობის შედეგი. მათ შორის, რა თქმა უნდა, უნდა მოვიხსენიოთ ის ადამიანები, ვინც თავი დადეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და სიცოცხლე შესწირეს. მართლაც, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ თანმიმდევრულობას, თავდადებულ შრომას ყოველთვის მოაქვს ძალიან დიდი შედეგი. ამიტომ, ეს შედეგი ნამდვილად მთელ საქართველოს ეკუთვნის“, -განაცხადა პრემიერმა.