საპარლამენტო სისტემის შენარჩუნება უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რათა გამოვრიცხოთ ყოველგვარი ტიპის ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება

საპარლამენტო სისტემის შენარჩუნება უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რათა გამოვრიცხოთ ყოველგვარი ტიპის ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება

საპარლამენტო სისტემა არის საუკეთესო მექანიზმი, რომ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოვრიცხოთ ყოველგვარი ტიპის ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის განმარტებით, საპარლამენტო მმართველობის სისტემის შენარჩუნება არის ერთადერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში არსებობს. 

„ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ ჩვენი ხედვის თანახმად ვინარჩუნებთ არსებულ საპარლამენტო სისტემას. დღეს მოქმედებს საქართველოში საპარლამენტო მმართველობის სისტემა და ჩვენ ვთქვით, რომ ერთადერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება სწორედ მმართველობის ფორმას შეეხება. ჩვენ ვაპირებთ არსებული საპარლამენტო მმართველობის ფორმის შენარჩუნებას. როდესაც 2010 წელს განხორციელებული რეფორმა შეფასდა ვენეციის კომისიის მიერ, მაშინ აღინიშნა, რომ მთავარი პროგრესული ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა, ეხებოდა სწორედ სვლას საპარლამენტო სისტემისკენ. ვენეციის კომისია რომც არ იყოს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო სისტემა დემოკრატიისთვის, პლურალიზმისთვის ბევრად მეტ გარანტიებს ქმნის, ვიდრე საპრეზიდენტო ან ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საპარლამენტო სისტემის შენარჩუნება უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. საპარლამენტო სისტემა არის საუკეთესო მექანიზმი იმისათვის, რომ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოვრიცხოთ ყოველგვარი ტიპის ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება და განვითარება ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ეს არის ის საერთო გადაწყვეტილება, რომელზეც არის აგებული ის მოდელი, რომელიც ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო სისტემა დგას სამ ძირითად საყრდენზე: ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა და დამოუკიდებელი სასამართლო.

„შესაბამისად, ამ სამ საყრდენზე გვინდა ავაგოთ ის სისტემა, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს“, - დასძინა კობახიძემ.

მან საკონსტიტუციო კომისიის წევრებს ის ხედვა გააცნო, რომელიც მმართველ გუნდს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით აქვს.