გაივლის წლები და 2011 წელს ჯონ ლორდს ინგლისის ქალაქ ლესტერში კლასიკური მუსიკის დარგში დოქტორის წოდებას მიანიჭებენ, იქამდე კი მუსიკოსმა ნახევარსაუკუნოვანი მუსიკალური კარიერის ძირითადი ნაწილი ყველა დროის ერთ–ერთ უდიდეს ბენდს – Deep Purple–ს დაუკავშირა...
შეიძლება არსებობდნენ Hammond B3 –ზე ტექნიკური თვალსაზრისით ჯონ ლორდზე უფრო დიდი შემსრულებლები, რომელთა შორის არიან როგორც მისი წინამორბედები, ასევე მემკვიდრეები, მაგრამ ზოგადად როკში?
როდესაც Deep Purple–ს ოპონენტები თუნდაც Led Zeppelin-თან შედარებითი დახასიათების დროს პეიჯის უპირატესობაზე საუბრობენ ბლეკმორთან, ლორდის შესახებ ყველა ჩუმდება ხოლმე... მეტიც - მაინცდამაინც რიკ უეიკმანზე და კიტ ემერსონზედაც კი არ იტყვიან ხოლმე, ლორდზე მაგარიაო...
მახსოვს ერთხელ, ბავშვობაში ერთმა ჩემმა მეგობარმა მუსიკოსმა აღნიშნა, ჯონ ლორდის ერთი აკორდი მთელ Beatles–ს უდრისო... მე გამახარა ამ ფრაზამ, რადგან მაშინ მკვეთრად გამოხატული Deep Purple–სტი ვიყავი და ავიკვიატე ეს აზრი. ერთი Lazy–ია საკმარისი თქვენს გასაჩუმებლადთქო... ვინ გაჩუმდებოდა, მაგრამ Lazy–ის მაინც ყველა მოწიწებით ეპყრობოდა ფლოიდომანიც, ბიტლომანიცა და ზეპელინის ფანიც.
ზოგადად ჯონ ლორდზე აუგის მთქმელი, ალბათ იშვიათია. ერთი კია, რომ Deep Purple–ს დასუსტება მის მეორე ხარისხოვან მუსიკოსად ქცევას მოჰყვა. ასე მოხდა ალბომ Stormbringer–ში, სადაც ლორდმა ერთადერთი ჰამონდ–სოლო (ისიც თითქოს ნაძალადევი) დაუკრა, ხოლო YouCan’t Do It Right –ის სინთეზატორული სოლო ხომ ვერაფერი ბედენაა Highway Star–თან და Rat Bat Blue-თან შედარებით.
1968 და 1969 წლებში, Deep Purple–მა სადებიუტო ალბომები ჩაწერა და განსაკუთრებით აქტუალური აქ ჯონ ლორდის კლასიციზმით გაჯერებული ახალი როკ–ჰამონდ ორგანი აღმოჩნდა. რიჩი, როგორც მუსიკოსი და კონკრეტულად ინსტრუმენტალისტი იმ დროს აშკარად ჩამოუვარდებოდა ჯონს, ხოლო სოლოებზე აქცენტის მქონე ჯგუფისთვის, ამგვარი სხვაობა საკმაოდ შესამჩნევი იყო.
მალე ჯონ ლორდმა იმ დროისათვის სასწაული მოახდინა, დაწერა მუსიკა სიმფონიური ორკესტრისა და როკ–ჯგუფისათვის და სამუდამოდ გაუხსნა ლონდონის როიალ ალბერტ ჰოლის დარბაზის კარი როკ–მუსიკოსებს.
1970 წლის Deep Purple In Rock-ში კი ჯონ ლორდი დაუვიწყარი უპირველეს ყოვლისა Child In Time–ის პირველი აკორდებითაა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მოტივი მას არ ეკუთვნის და მისი ავტორი ამერიკული ჯგუფი It’s A Beautiful Day–ია. Speed King–ისა და Bloodsucker–ის ბლეკმორთან მოპასუხე სოლოებმა ჯონი ახალ ამპლუაში გამოაჩინეს, ხოლო ჰამონდ ორგანი კი ჭეშმარიტად როკულ ინსტრუმენტად აქციეს. მანამდე ამ ინსტრუმენტის ჟღერადობა უფრო ჯაზურ რეპერტუარში იყო მიღებული, თუნდაც ჯიმი სმიტის 1956 წლის ალბომში, სადაც შესრულდა კიდევაც ინსტრუმენტული კომპოზიცია Deep Purple...
ჯონ ლორდის რიჩი ბლეკმორთან ერთად ჯგუფის ლიდერობა იან გილანის პერიოდის დანარჩენ ალბომებშიც გაგრძელდა და გარკვეულ დონეზე Burn–შიც შენარჩუნდა. რიჩი და ჯონი შესანიშნავად ავსებდნენ ერთმანეთს და სოლო–აკომპანემენტის ფუნქციებიც ლამაზად ჰქონდათ გადანაწილებული. განსაკუთრებული ეფექტით ტანდემი კონცერტებზე მუშაობდა და უპირველეს ყოვლისა ამის შედეგია Made In Japan–ის, Made In Europe-ისა, თუ California Jam-ის ბრწყინვალება.
Deep Purple–ში ტომი ბოლინის მისვლის პერიოდს ემთხვევა თითქოს ლორდის მოწყენა როკით. სწორედ ამ დროს ჰქმნის იგი კლასიკურ ნაწარმოებს – Sarabande. მომდევნო სოლო ალბომი Before I Forget კი კლასიკური ფერებით შეზავებული როკ–ნამუშევარი გამოვიდა. აქ დაუკრეს იან პეისმა, თუ კოზი პაუელმა და იმღერეს დედა–შვილმა ვიკი და სემი ბრაუნებმა. ალბომი არათანაბარი, მაგრამ სასიამოვნოდ მოსასმენი გამოვიდა. პარალელურად ლორდი დევიდ კოვერდეილის Whitesnake–ში უკრავდა და თუკი იქ ბევრს არც არაფერს ჰქმნიდა, ჟღერადობას მაინც ამსგავსებდა დევიდ კოვერდეილის პერიოდის Deep Purple–ს. ალბათ ამიტომაცაა, რომ ბევრი მსმენელი 80–ების დასაწყისის Whitesnake–ს ანიჭებს უპირატესობას.
1984 წელს ალბომმა Perfect Strangers, Deep Purple–ის გაერთიანება მოასწავა. ჯერ კიდევ დისკის ჩაწერამდე მუსიკოსებმა განაცხადეს, რომ მთავარი იყო იმ უხილავი ძაფის პოვნა, რომელიც აგრერირიგად განუმეორებელს და განსხვავებულს ხდიდა მათ ჟღერადობას Machine Head–ის პერიოდში... გამოუვიდათ კი? ჯონ ლორდმა, მიუხედავად ძირითადად აკომპანიოტორობისა, მაინც აღიდგინა ძველებური წარმმართველი ფუნქცია და ეს უკვე პირველივე სიმღერის – Knocking At Your Back Door შესავალში, ნათლად გამოჩნდა. ტანდემის ახლებური შეწყობილობის მაგალითი თვით Perfect Strangers–ია, ხოლო 70–იანების Deep Purple –ის შემკვრელი ძაფი კი Nobody’s Home. სხვა მხრივ, ზოგადად რიჩი ბლეკმორის ხედვა მაინც დომინირებდა განახლებულ ჯგუფში, ბევრი იყო Rainbow–ს ელემენტები, აქედან გამომდინარე კი ლორდი ზოგჯერ იკარგებოდა ხოლმე. 70–ებთან შედარებით ლორდის აკომპანემენტსაც თითქოს ჩვეული სიმსუბუქე დაკარგული აქვს, ჟღერადობაც გაჯერებულია და თავისუფალი სივრცეებიც აღარ რჩება, როგორც ეს იყო Fireball-ში, Machine Head-სა, თუ Who Do We Think We Are-ში.
გაცილებით პროდუქტიული აღმოჩნდა სტივ მორსთან ლორდის თანამშრომლობა. მეტიც – 1996 წლის ალბომ Purpendicular–ში, Who Do We Think We Are-ის შემდგომ პირველად, ცამეტივე კომპოზიციის ავტორი ჯგუფის თითოეული წევრია. გაცილებით ქმედითუნარიანი შეიქმნა ლორდის ჰამონდიც, რომლის სოლოებმაც 70–იანების ბრწყინვალება არაერთ სიმღერაში გაიმეორეს.
2002 წელს ლორდმა საყვარელი კოლექტივი მიატოვა, რადგან ეზარებოდა გაუთავებელ ტურნეებში ხეტიალი, ჭაღარაც ერთბაშად შეემატა და საბოლოოდ კლასიკოს პიანისტად იქცა კიდევაც, რასაც ასე ესწრაფვოდა. ამის პარალელურად იგი ბობ დეისლის დაარსებულ The Hoochie Coochie Men–ში აღმოჩნდა, სადაც ვიოლინოს გასაღები მართალია ჩაიბარა, მაგრამ თვით ბლიუზი მაინცდამაინც ძლიერი ვერ გამოუვიდა. ასეც უნდა ყოფილიყო. ლორდი ვერასოდეს იქცეოდა ჯონი ვინტერად, თუ პიტერ გრინად.
დღესდღეობით ჯონ ლორდი მძიმე დაავადებას ებრძვის და წარმატებითაც, რადგან დროდადრო სცენაზეც გამოჩნდება ხოლმე. ჯერჯერობით ბოლო სტუდიური ალბომი To Notice Such Things „ბაბუა“ ლორდმა 2010 წელს ლივერპულის ფილარმონიის ორკესტრის თანხლებით ჩაწერა, რაც მის ახალ კომპოზიტორულ ჩანაფიქრებზე მომავალშიც გვაფიქრებს. 70 წელს გადაცილებული მუსიკოსი აკი ამბობს კიდევაც, რომ მუსიკის გარეშე იგი ვერ იცოცხლებს.
დაბრუნდება ვითომ ჯონ ლორდი ოდესმე Deep Purple–ში? ეს ამბავი ალბათ უკვე საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა, მაგრამ სულაც არაა გამორიცხული, რომ წელიწადში რამდენიმეჯერ მაინც საყვარელ ჯგუფთან ერთად სცენაზე გამოჩნდეს. ჯონ ლორდის კვლავაც როკმენობაზე ხომ მისი შარშანდელი ჩანაწერიც მიგვანიშნებს ტონი აიომისთან, იან გილანთან, და კიდევ სხვებთან ერთად გაკეთებული, პროექტში Who Cares...
მართლაც ვინ იზრუნებს როკ–სცენაზე ასეთი დიდი მუსიკოსების წასვლის შემდეგ?