რას მოგვიტანს ამერიკული ანალოგიების ბრმად გადმოტანა, რატომ ხდება სააკაშვილის რეჟიმის ახალი ენერგიით “აღზევება”, და ბოლოს, რა პარადოქსები ჩაატანეს სისხლის სამართლის ახალ კოდექში, ანუ რატომ შეიძლება თბილისში მკვლელობის ჩამდენს ეპატიოს და ქუთაისსა და სხვა რეგიონებში კი სასტიკად დასაჯონ, ამ ვითარების ირგვლივ, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი გვესაუბრება:
რა ვითარებაში მოხდა სისხლის სამართლის ახალი კოდექსის მიღება და რა პრეისტორია აქვს?
- ეს ყველაფერი უკავშირდება ახალი კოდექსის მიღებას სწორედ ამ შექმნილ სიტუაციაში: ძალადობის, მოსყიდვის და ამ ხელისუფლების მართვის სხვა დანარჩენი მექანიზმების კანონიერად გაფორმება ხდება.
შეიძლება მოინდომონ ისიც, ქუჩაში რომ მიდის ადამიანი და თუ მისი გამოხედვა არ მოეწონა, პოლიციას შეუძლია ის ადგილზევე დახვრიტოს. ეს იქნება კანონის ჩარჩოებში მოქცეული. მოკლედ, კანონის ჩარჩოებში იქნება მოქცეული ამ მთავრობის აღვირახსნილი ქმედებები.
დღეს, გონივრული ეჭვის საფუძველზე, პოლიციელს უფლება აქვს მივიდეს და გაჩხრიკოს ნებისმიერი. რა თქმა უნდა, მოქალაქე ვერასოდეს გააპროტესტებს, - რატომ გაქვს გონივრული ეჭვიო, იმიტომ რომ პოლიციელის სიტყვა ყოველთვის პრიორიტეტულია მოსამართლისთვის.
ტერმინი ”გონივრული ეჭვი” ჯერჯერობით მხოლოდ ღიმილს იწვევს საზოგადოებაში, მაშინ უგონო ეჭვი რაღას ნიშნავს?
- გონივრული ეჭვი - ეს ტერმინი არის უცხოეთში. თუმცა ისეთ საზოგადოებაშია მიღებული, სადაც პოლიციას ნდობა აქვს სასამართლოში. ერთ მაგალითს გეტყვით, თუ როგორ შეიძლება ისეთი სასამართლოს პირობებში, როგორიც არის საქართველოში, ასეთი ”გონივრული ეჭვის” სტანდარტი გამოიყენონ.
ქალაქის ცენტრში დააკავეს ჯაბა ჯიშკარიანი, ირაკლი კორძაია და დაჩი ცაგურია, ქუჩაში დახვრეტილი სამი ბიჭის ფოტოები მიჰქონდათ და მიდიოდნენ საჯარო ბიბლიოთეკაში, სადაც პრეზიდენტი იყო მისული. საპროტესტო აქციის გამართვას აპირებდნენ, ვიდეო-კამერებით უამრავი ჟურნალისტი მიჰყვებოდა. დააკავეს პარლამენტის წინ და საჯარომდე არ მიუშვეს.
გადაღებულ კადრებში ჩანდა, რომ დაკავების დროს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ პოლიციისთვის. თუმცა ოქმში პოლიციამ დაწერა, რომ ისინი აგინებდნენ, აფურთხებდნენ, უწევდნენ წინააღმდეგობას. მათი უფლებების დამცველი ვიყავი და გადაღებული კადრები წარვადგნეთ სასამართლოში.
ანალოგიური მოხდა, როდესაც ირაკლი კაკაბაძე და მისი მეგობრები დააკავეს, ბუშის პორტრეტის დაამახინჯებისთვის.
იგივე მოხდა, როდესაც პარლამენტის წინ ალეკო შალამბერიძეს, ლევან ჩიტაძეს და ლაშა ჩხარტიშვილს აკავებდნენ პარლამენტის წინ. ლაშა ვერ წაიყვანეს, იმიტომ რომ ქალებმა იხსნეს, იგი არაფრით დაანებეს პოლიცილებს. თითოეულ ამ შემთხვევაში იყო ვიდეომასალები. სამივეგან მომიწია მათი დაცვა და ყველგან წარვადგინე ეს მტკიცებულებად.
პოლიცილებიც ყველგან ამბობდნენ, ხულიგნობდნენ და შეურაცხყოფას გვაყენებდნენო. ისიც კი გავეკეთეთ ლეპტოპი მივიტანეთ, რომ არ ეთქვათ ტექნიკური საშუალება არ გვაქვსო. უყურეს, სულ რაღაც 2-3 წუთი დაჭირდა ამ პროცესს და მოსამართლემ ყველა შემთხვევაში პოლიციელის მხარი დაიჭირა, - ეს ნივთმტკიცებები არ მაინტერესებს, პოლიციელს ვუჯერებო.
ჩვენთან, ასეთი სასამართლოს პირობებში, შემოაქვთ ”გონივრული ეჭვები”, სადაც ამბობენ, რომ პოლიციელი ყოველთვის მართალია, მაშინაც კი, როდესაც არსებობს იმის დამამტკიცებელი, რომ ის ტყუის. ვიდეომასალების იგნორირება ხდება, ამას გარდა, ყოველთვის ვიდეოთი ხომ არ დადის ადამიანი.
ქუჩაში მიდიხარ და გაჩერებენ, ვიღაცამ თქვა, რომ თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებს, რაღაც ნამთვრალევი მომეჩვენა, მეგონა ნარკოტიკული ნივთიერება ჰქონდა, მოკლედ, ეჭვი აღმეძრა. შენ თუ გინდა იძახე, არა, ბატონო, ჩვეულებრივად მივდიოდი, არავითარი ეჭვის საფუძველი იმას არ ჰქონდა და ათი მოწმეც რომ დააყენო, რა თქმა უნდა, პოლიციელის სიტყვას გაიზიარებს მოსამართლე, მითუმეტეს არანაირი ვიდეოჩანაწერი არ არსებობს.
აქედან გამომდინარე, პიროვნული მოტივით დაკავებები არ მოიმატებს?
- აი, ამაშია საქმე, ასეთ ქვეყანაში, ასეთ სიტუაციაში და ასეთი მართლმსაჯულების პირობებში, როდესაც შემოგაქვს გონივრული ეჭვის სტანდარტი, რომელსაც ვერავინ ვერანაირად დაასაბუთებს, რა თქმა უნდა, გამორიცხულია, რომ მოქალაქის ინტერესი იყოს დაცული.
დააახლოებით 5-6 თვის წინ, გერმანიდან ჩამოვიდა ერთი ქართველი, რომელიც წლებია იქ ცხოვრობს და მან მოგვითხრო: -ორმა პოლიციელმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს დაუწყო ჯაჯგური, რომ განყოფილებაში წაეყვანათ, ის არ ემორჩილებოდა და პოლიციელმა ძალიან შეურაცხმყოფელი სიტყვა უთხრა, მათთვის ”შვაინ|-ანუ, ღორის წოდება ყველაზე დამამცირებელია და ამაზე გაცილებით უარესი რაღაც უთხრა.
ამის შემდეგ. მთვრალმა დაარტყა პოლიციელს, სასამართლოზე აღიარა, კი დავარტყი, მაგრამ იმიტომ, რომ ესა და ეს სიტყვა მითხრაო, მეორე პოლიციელი დაკითხეს, უთხრა თუ არა ეს სიტყვაო... წარმოგიდენიათ, რომ ჩვენთან პოლიციელმა სიმართლე თქვას მეორე პოლიციელის საზიანოდ. იმ პოლიციელმა აღიარა, კი, უთხრა ეს სიტყვოა.
ასეთ ქვეყანაში შეიძლება გონივრული ეჭვის სტანდარტი არსებობდეს. იცი, რომ პოლიციელი ცრუ ჩვენებას არ მისცემს. ჩვენთან ხომ წარმოუდგენელია, ერთმა პოლიციელმა მეორე გააამტყუნოს. მოკლედ, იმ ინციდენტის კვალდაკვალ გერმანიაში გაწყვეტილება მიიღეს,- მთვრალი კაცი დააჯარიმეს მცირე თანხით, შეურაცხმყოფელი პოლიციელი კი სამსახურიდან დაითხოვეს.
კიდევ რა ნიუანსებია ამ კოდექში ისეთი, რაც ჩვენი რეალობიდან გამომდინარე მიუღებელია?
- დავიწყოთ იქიდან, რომ ეს კოდექსი მიიღეს 2009 წლის ოქტომბერში, ერთი წლის წინ და იქვე ჩადეს - უნდა ამოქმედდეს 2010 წლის პირველ ოქტომბერშიო, ახლა ამოქმედდა.
კოდექსის მიღებასა და დამუშავებაში მონაწილეობა მიიღეს პროკურორებმა, მოსამართლეებმა, პოლიციელების წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ორი წარმომადგენელი იყო, ”ეი-ბი-ეი” იურისტთა ამერიკული ასოსიაციაც იყო ჩამოსული, ამდენმა პირმა მიიღო მონაწილეობა და არ დაუძახეს ადვოკატებს. არადა, ადვოკატი არის ერთ-ერთი მხარე.
ანუ, თუ გინდა შენ რომ დაბალანსებული იყოს, თან ამბობ, თანაბარ უფლებებს მოიცავს ეს კოდექსიო, ხომ უნდა მიიწვიო ადვოკატები? არ მიგვიწვიეს. ამის შემდეგ ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მახინჯი კოდექსია, ცალმხრივად არის გადასული უფლებები და ძალა-უფლება პროკურატურის მხარეს, ხოლო ადვოკატს ის უფლებებიც ერთმევა, რაც მანამდე ჰქონდა, თუმცა ყურადღება არავინ მოგვაქცია.
ამის შემდეგ, ადვოკატთა ასოციაციის საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა შეიქმნა, რომელმაც ყველა შენიშვნა გაუგზავნა პარალმენტს, მაგრამ ყური არ შეიბერტყეს.
პირველ პლანზე გადმოიტანეს ორი სიახლე, რომელიც ამ კოდექსს თან ახლავს, ერთი შეხედვით, ”პროგრესული” სიახლეებია.
პირველი-წინასწარი გამოძიება უქმდება, ანუ, ადრე წინასწარ ხომ გამოიძიებდნენ, სანამ სასამართლოს გადასცემდნენ საქმეებს, პროკურატურა და გამომძიებლები დაკითხავდნენ მოწმეებს, ბრალდებულს, დაზარალებულს, ყველას და ესენი მერე ვინც ჩვენებას აძლევდა, ფიცის ქვეშ აძლევდა ჩვენებას.
ამის შემდეგ მიდიოდა საქმე სასამართლოში. იქ პირი ვალდებული და იძულებული იყო იგივე ჩვენება მიეცა, იმიტომ რომ, არსებითად ურთიერთგანსხვავებულ ჩვენებას თუ მისცემს, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით. ეს მოიხსნა და ახალი კოდექსის მიხედვით, წინასწარი გამოძიება არ ხდება და არის მხოლოდ სასამართლო გამოძიება.
წინასწარი გამოკითხვა (და არავითარ შემთხვევაში, დაკითხვა-დაკითხვა აღარ ჰქვია) შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ პროკურატურის მიერ, მოსამართლესთან უნდა მივიდეს ბრალდებული და ადვოკატიც მიიყვანოს. ორივე ერთად უნდა დაკითხონ, თუ არადა, ისევ გამოკითხვა უნდა ჩატარდეს. ამ დროს, ფიცის ქვეშ არ ხდება ჩვენების მიცემა, ანუ, მისი შეცვლა მოსამართლეს ყოველთვის შეუძლია.
აი,ამხელა გაფიარებული და აჟიტირებული ცვლილება შედის ძალაში და იქვე მიაწერეს კიდეც კოდექსს, - 2010 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება, მანამდე ისევ ძველი წესით ვიხელმძღვანელებთო.
ისევ ძველი წესით, თუ როგორც თვითონ აწყობთ ისე შეცვლიან და იმანიპულირებენ?
- დიახ,ისევ ძველი წესით, ანუ როგორ უნდათ ისე. წინასწარ გამოძიებაში ჰკითხავენ ჩვეულებრივად, ანუ აშინებენ. მითუმეტესს, ახალი კოდექსით დაზარალებულს აღარ აქვს უფლება ჰყავდეს ადვოკატი და მიმართეს ასეთ ტაქტიკას- მიჰყავთ დასაპატიმრებელი პირი და ადვოკატი, რომ არ დაასწრონ მის დაკითხვას, ეუბნებიან:
შენ არ ხარ ჯერ ბრალდებული, ჯერ არ წაგვიყენება შენთვის ბრალი და ამიტომ, მოწმის სტატუსით ხარ. დაკავების ოქმს ჯერ არ აფორმებენ, არადა, ახალ კოდექსში წერია, რომ ბრალდებულად ითვლება პირი, როგორც კი შეუზღუდავენ მას გადაადგილების უფლებას.
ახალი კოდექსის მიხედვით, ეჭვმიტანილის სტატუსი უკვე აღარ არის. აქამდე, სანამ ბრალს წაგიყენებდნენ, იყავი ეჭვმიტანილი, ახლა პირდაპირ ბრალდებული ხარ, მიუხედავდა იმისა, რომ ბრალი 48 საათში უნდა წამოგიყენონ, კურიოზული შემთხვევებია… ვთქვათ დაგაკავეს, უკვე ბრალდებული ხარ, გავიდა 20საათი, 40 ან 45 საათი, ანუ 48 საათი არ არის გასული, არ წამოგიყენეს ბრალი და გაგათავისუფლეს, ითვლება, რომ ბრალდებული იყავი და გაგათავისუფლეს, იმ დროს, როცა ბრალი არ გქონდა წაყენებული. ბრალდებული როგორღა იყავი? ამას მოიცავს ახალი კოდექსი, ამიტომაც უარესობისკენ გადადგმული ნაბიჯია.
ახლა, რაც შეეხება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს. აქ აზრთა სხვადასხვაობაა. ბევრი ამბობს, დემოკრატიულობის ნიშანია, რადგან ხალხი მოდის და თვითონ ასამართლებს, - ასეთი შეფასების წინააღმდეგი ვარ და დემოკრატიულ პროექტს ვერ დავარქმევ. მით უფრო, ამ ინსტიტუტზე შემიძლია ვიმსჯელო, როგორც ადვოკატმა და როგორც რიგითმა მოქალაქემ.
თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი მეტ საშუალებას აძლევს ადვოკატს დაიცვას თავისი დაცვის ქვეშ მყოფი, იმიტომ რომ იქ სხედან უვიცი ადამიანები, იურიდიულად გაუნათლებელი ხალხი, რომელთაც შეგიძლია ყველაფერი უთხრა, ყველაფერი დაუმტკიცო.
ეს მსაჯულები იმას კი არ გაითვალისწინებენ, ეს და ეს მუხლი და ეს და ეს კოდექსიაო, - მოხდა თუ არა ესა თუ ის ფაქტი, ამაზე არიან ორინეტირებული. აქედან გამომდინარე, ბევრია დამოკიდებული ადვოკატის მოხერხებულობაზე, პროფესიონალიზმზე, დემაგოგობაზე და ასევე პროკურორზეც, ასე რომ, ერთ სასამართლოში გამოდის ორი სასამართლო, ერთია ფაქტების სასამართლო, მეორე ნორმების სასამართლო.
ფაქტების სასამართლოს განაგებენ მხოლოდ ნაფიცი მსაჯულები, ხოლო ნორმების სასამართლო ეხება მოსამართლეს. თუ ნაფიცი მსაჯულები იტყვიან - არ არის დამნაშავეო, ამის უკან ათასი უკუმტკიცებულებაც რომ იყოს, მოსამართლეს ხელ-ფეხი აქვს შეკრული, ვერაფერს იზამს, ვალდებულია, გაათავისუფლოს.
მაგრამ თუ ისინი იტყვიან, რომ დამნაშავეა, მერე უკვე საქმეში ერევა მოსამართლე, ნორმების მიხედვით, დამამძიმებლი იქნება, თუ შემამსუბუქებული, უკვე სასჯელს განსაზღვრავს მოსამართლე.
ახლა, როგორც მოქალაქე იმ პოზიციიდან გეტყვით, ყველაზე დიდი მინუსი ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტისთვის არის ის, რომ ძალიან დიდი შანსია, დამნაშავე გაამართლონ და უდანაშაულო გაამტყუნონ. იმიტომ რომ, წარმოიდგინეთ, მძიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაატარებინონ ქუჩიდან შემოყვანილ ვიღაც თორმეტ ადამიანს და იქ პროფესიონალი ექიმი უყურებდეს და არ ჰქონდეს უფლება, მიუთითოს მაინც, ასე და ასე გააკეთეთო.
ნაფიც მსაჯულებს უფლება არ აქვთ კითხვის დასმის, მარტო უნდა უსმინონ, უფრო მეტიც, მოსამართლესაც არ აქვს კითხვის დასმის უფლება, მხოლოდ მოდერატორია მეტი არაფერი. მოსამართლეს უფლება აქვს, მხოლოდ მხარეებს ჰკითხოს - პროკურორს და ადვოკატს, კითხვის დასმა მინდა და მაძლევთ თუ არა უფლებასო. თუ ორივე მხარე არ დასთანხმდა, ის ვერ დაუსვამს კითხვას ვერც მოწმეს და ვერც ბრალდებულს.
როგორ შეაფასებთ, რატომ დადგა ამ კოდექსის მიღების საკითხი?
- ისევე, როგორც ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში, ესეც არის ფიარზე აგებული, მითუმეტესს, რომ რეალურად არაფერს ცვლის. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი შემოდის მხოლოდ ერთ 109-ე მუხლზე - ”განხრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში” და 2010 წლიდან, მხოლოდ თბილისში ჩადენილ დანაშაულზე, მერე უკვე 2012 წლიდან ქუთაისშიც შემოვა, მერე 2014 წლიდან სხვა ქალაქებში და ა.შ.
მერე და ეს ნორმალურია?
- არ არის ნორმალური და ანტიკონსტიტუციურიცაა. ესე იგი, სხვანაირად განვსჯით იმ ბრალდებულს, რომელიც თბილისში ჩაიდენს მკვლელობას და სხვანაირად - ფოთში, ზუგდიდში, თელავში და სხვა ქალაქებში. ეს ანტიკონსტიტუციურია, იმიტომ რომ კონსტიტუციაში წერია - მიუხედავად, ეროვნებისა, განათლებისა, პროფესიისა, ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე. აქ უკვე თანასწორობა აღარ გამოდის, პრივილეგია აქვს თბილისში დანაშაულის ჩამდენს, მეტი შანსი აქვს თავი გაიმართლოს და დაიძვრინოს, როდესაც არიან ნაფიცი მსაჯულები.
ამ ახალი კოდექსის თანახმად ადვოკატი და ბრალდებული თითქმის თანაბარი უფლებებით განიხილება, რას მოიცავს ეს?
- თუ ყველა წინა კოდექსში და აი ამ პირველ ოქტომბრამდე მოქმედ კოდექშიც არის ცალკე თავი - პროკურორი ვინ არის, რა უფლებები აქვს, რა მოვალეობები. ცალკეა განსასჯელი, ცალკე ბრალდებული, ცალკე ადვოკატი. დღეს, ამ ახალი კოდექსით ცალკე თავი ადვოკატს არ გააჩნია, არის მხოლოდ ბრალდებულის უფლებები და მოვალეობები, მერე ბოლოში კი წერია, აი, რა უფლებებიც აქვს ბრალდებულს, ის უფლებები აქვს ადვოკატსაც, ანუ გათანაბრებულია.
უფრო მეტიც, ძველი უფლებებიც ჩამოერთვა ადვოკატს, მას აღარ აქვს უფლება გაასაჩივროს სააპელაციო წესით ქალაქის სასამართლოში განაჩენი და საკასაციო წესით სააპელაციო სასამართლოს განაჩენი. პირდაპირ წერია, რომ ამის უფლება აქვს მხოლოდ ბრალდებულს.
რა საჭიროა მაშინ ადვოკატი?
- ესე იგი, ფაქტობრივად, ”კასატორი” და ”აპელანტი” არის მხოლოდ მსჯავრდებული, რომელსაც შენ იცავ და მოსამართლეს სრული უფლება აქვს, ლაპარაკს რომ დაიწყებ, მიგითითოს - მოიცა, შენ აპელანტი არ ხარ, აი, ეს არის აპელანტი და მან თქვასო. ის ხომ გაუთვთითცნობიერებლია იურიდიულ საკითხებში.
აქამდე პირიქით იყო, ადვოკატი იცავს, მას ელაპარაკებოდნენ და ბრალდებულს ეკითხებოდნენ, ეთანხმები თუ არაო. ახლა პირიქით იქნება,მსჯავრდებულს შეეკითხებიან, რას ასაჩივრებ და იმან იურიდულად უნდა დაასაბუთოს, მერე ადვოკატს ჰკითხავენ ეთანხმები და ადვოკატმა უნდა დაუდასტუროს, ფაქტობრივად, ასე გამოდის. რა თქმა უნდა, იზღუდება ადვოკატის უფლებები.
ადვოკატს არ აქვს უფლება გამოთხოვს რაიმე დოკუმენტი, ან ინფორმაცია, მაშინ როდესაც პროკურორს ეს უფლება-ვალდებულება აქვს. ამას გარდა, უსასრულოდ არის გაზრდილი ჯარიმის ზღვარი, 500 ლარამდე დღეს ჯარიმა სასამართლოზე, მერე უკვე 5000 ლარამდე ადის.
პროკურორს შეუძლია არ გაგაცნოს წინასწარი გამოძიების დროს ფარული ჩანაწერები. ადვოკატს ჯერ ერთი არ აქვს უფლება, რომ განახორციელოს ფარული ჩანაწერები, არც იმის უფლება აქვს, რომ მოთხოვოს შეიტანოს საქმე და შუამდგომლობა დააყენოს. არ აქვს აგრეთვე უფლება მოითხოვოს ჩხრეკა, ან ამოღება, ვთქვათ, სადღაც არის ნივთი, რომელიც ადასატურებს, რომ დაცვის ქვეშ მყოფი არაფერ შუაშია და პირიქით, ის არის დამნაშავე და ამის თქმა მინდა, ეს უფლება აღარ მაქვს.
ამას გარდა, ადვოკატს სასამართლომდე შეეძლო დაემალა ერთი მტკიცებულება, ახლა ეს უფლება ერთმევა, თუ მაინც სასამართლომდე შემოინახავს, მაშინ მოსამართლემ უნდა დააჯარიმოს იმის მიხედვით, თუ რა ზიანი მიაყენა მან სასამართლოს. ჯარიმას ზღვარი არ აქვს და მოსამართლე რა თანხას მოითხოვოს, უნდა გადაუხადო.
ამ დროს, კლიენტს უკვე ვეღარ ეტყვი ”ბომბი” მტკიცებულებაც რომ გქონდეს სასამართლომდე დავმალოთო, რადგან მერე ჯარიმაც ხომ მისი გადასხდელი იქნება. ადვოკატი თანხასაც ვერ დაასახელებს, ფაქტობრივად, ადვოკატს ფუნქციები ეცლება. ბევრი ნიუნასია, რაც უარესებს მდგომარეობს.
ამ კოდექსის თანახმად, პროკურორი დისკრეციული უფლებებებით ისარგებლებს, მას შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა მკვლელია. ბრალი საერთოდ არ წაუყენოს ე.წ. საჯარო ინტერესიდან გამომდინარე. მოკლედ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ ვერ მოვიქცევი და არ წავუყენე ბრალიო.
ასე რომ, ფასადურად, თითქოსდა აკეთილშობილებენ კოდექსს, სინამდვილეში რა სიმახინჯების და საფრთხეების მატარებელია, ეს უკვე დამალულია.
ეს ხომ არ არის ამერიკული კოდექსის ანალოგია, რომელიც ბრმად გადმოვიღეთ?
- ზუსტად არის ანალოგია, ბრმად გადმოტანილი, მაგრამ განსხვავება არის ის, რომ იქ, ამერიკაში, სასამართლო მართლაც დამოუკიდებელია, მართლაც ობიექტურია და თვალებს არ იბრმავებს. არ იტყვის, პოლიციელების მჯერა და მოქალაქის არაო, უარს არ იტყვის მტკიცებულებების ნახვაზე, ხოლო ჩვენთან პროკურატურა, პოლიცია, სასამართლო- ფაქტობრივად, ერთი სტრუქტურის განშტოებებია.
აქედან გამომდინარე, როდესაც არ არსებობს ობიექტური სასამართლო, ასე ბრმად გადმოღებული კოდექსი ნიშნავს, რომ სახელმწიფო ფაქტობრივად, დამონებულ მდგომარეობაში ამყოფებს თავის მოქალაქეებს.