ვისურვებ, რომ არავინ, მათ შორის არც პრეზიდენტი და არც ომბუდსმენი არ აღმოჩნდეს მხარე - როდესაც რომელიმე პირი ჩნდება საქმეში, ეს იწვევს ეჭვებს

ვისურვებ, რომ არავინ, მათ შორის არც პრეზიდენტი და არც ომბუდსმენი არ აღმოჩნდეს მხარე - როდესაც რომელიმე პირი ჩნდება საქმეში, ეს იწვევს ეჭვებს

გარდა ბრალდებისა და დაცვის მხარისა, ე.წ. ციანიდის საქმეში სხვა მხარე არ უნდა აღმოჩნდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ამ პროცესში მხარეები არ უნდა იყვნენ მათ შორის არც პრეზიდენტი და არც სახალხო დამცველი.

ბესელიას განმარტებით, ის არ ამბობს, რომ მარგველაშვილი და ნანუაშვილი მხარეები არიან, თუმცა როგორც აღნიშნავს, კარგი იქნებოდა, თუ რომელიმე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი არ გამოჩნდება, როგორც მხარე.

"მე ვისურვებ, რომ არავინ აღმოჩნდეს მხარე ამ საქმეში - არავინ, მათ შორის არც პრეზიდენტი, არც ომბუდსმენი, გარდა მართლაც მხარეებისა, არ უნდა იყოს მხარე. ეს ხელს უშლის პროცესს. არ შეიძლება ჩვენ ვიდგეთ რომელიმე მხარეს. ჩვენი პოზიცია უნდა იყოს, რომ სიმართლე დადგინდეს და გამოძიებას ხელოვნური ბარიერები მოვარიდოთ. ასეთი ბარიერები გაჩნდა პირველივე დღიდან. ძალიან საეჭვოა, რომ რომელიმე პირი, ეს იქნება საჯარო პირი თუ მედიასაშუალება, ჩნდება, როგორც მხარე პროცესში და ეს იწვევს ძალიან ბევრ ეჭვს. ეს აზიანებს პროცესს და ქმნის ბევრ კითხვას. ", - განაცხადა ბესელიამ.

პრეზიდენტისა და სახალხო დამცველის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ შეჯიბრებითობის პრინციპი და უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა.