ჩვენ უნდა მივცეთ ყველა მხარეს შესაძლებლობა, დაამტკიცოს თავისი სიმართლე, ან თავისი ვერსიის სიმართლე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპატრიარქოში, პატრიარქსა და მეუფეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამართალდამცველ სტრუქტურებსაც, აკეთონ თავისი საქმე, პოლიტიკური ჩარევების გარეშე.
„პატრიარქი და მეუფეები ძალიან ღიად საუბრობენ არსებული სირთულეების შესახებ. არის თათბირი, სადაც ყველას აქვს განსხვავებული აზრის და დისკუსიის შესაძლებლობა. ასეთი ღიაობა, დემოკრატიულობა დასანახია, თავისთავად კარგი დასანახია, კარგი იქნებოდა, პოლიტიკოსებიც ასე საუბრობდნენ. ჩვენ ვისაუბრეთ არსებული სირთულეების თაობაზე. ჩემი აზრით, ამ საუბრის შეჯამება მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ უნდა მივცეთ ყველა მხარეს შესაძლებლობა, დაამტკიცოს თავისი სიმართლე, ან თავისი ვერსიის სიმართლე, ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამართალდამცველ სტრუქტურებს, აკეთონ თავისი საქმე, პოლიტიკური ჩარევების გარეშე”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
საპატრიარქოში დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით დილიდან სასულიერო პირების შეხვედრა მიმდინარეობს.