თუ ბატონმა ნარმანიამ არ ისურვა, რომ მის წარმომადგენლებს ხალხისთვის გაეცა პასუხი ამ ძალიან უცნაურ კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით, მაშინ მას მოუწევს საკრებულოში მოსვლა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონი ლარის გამოყოფის საკითხზე მერიის სამსახურების წარმომადგენლების საკრებულოში გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით განაცხადა.
"თუ ნარმანიაც არ მოვა, მაშინ ვთქვათ, რომ ჩვენ დავბრუნდით 90-იანებში, გაუქმებულია სახელმწიფო და ვცხოვრობთ ივანიშვილის დუქანში", - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.
მისივე განცხადებით, მერიის წარმომადგენლების საკრებულოში მისვლაზე უარი ძალიან უხეში კანონდარღვევაა.
"სახელმწიფო იმართება კონსტიტუციით, კანონებით და წესებით. მათ შორის თბილისის საკრებულოს და მერიის ურთიერთობებს არეგულირებს „თვითმმართველობის კოდექსი“ და რეგლამენტი. 41-ე მუხლში წერია, რომ ფრაქციების დაბარების შემთხვევაში მერიის წარმომადგენლები აუცილებლად უნდა მოვიდნენ. ისინი არ მოვიდნენ და ძალიან უხეშად დაარღვიეს კანონი. ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ჩანს, სახელმწიფო გააუქმა, სახელმწიფო, რომელიც წესებით და კანონებით უნდა იმართებოდეს. მაშინ გვითხრან, რომ ჩვენ დაბრუნებულები ვართ 90-იან წლებში, ავისხამთ ავტომატებს. თანამდებობის პირისგან პასუხი რომ გავიგოთ უნდა დავხვდეთ სადარბაზოსთან? ასეთ სახელმწიფოში გვაბრუნებენ?" - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.
თბილისის მერის მოადგილეები ნატო ქიტიაშვილი და ირაკლი ლექვინაძე, ასევე, იურიდიული სამსახურის უფროსი სოფიო გიგანი და ქონების მართვის სამსახურის უფროსი კარლო ლაფერაძე საკრებულოს გაერთიანებულმა ოპოზიციამ დაიბარა.
თუ რატომ არ მივიდნენ ისინი დედაქალაქის საკრებულოში დეპუტატებს ამის თაობაზე განმარტება არ მიუღიათ.