ბატონი ლავროვის სიტყვები იმის თაობაზე, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება „ბოევიკების“, ტერორისტების, ექსტრემისტების მარშრუტი, საქართველოსთან მიმართებაში არანაირად არ არის მართებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის კომენტარზე საპასუხოდ განაცხადა.
აბაშიძის თქმით, თავად რუსეთიდან სირიასა და ერაყში გასულია რუსეთის დაახლოებით 2 000 მოქალაქე.
„გავეცანით ბატონი ლავროვის კომენტარს საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის სავიზო რეჟიმის თაობაზე. კერძოდ, მან სავიზო რეჟიმის გაუქმება დააკავშირა რუს და ქართველ სამართალდამცავებს შორის თანამშრომლობასთან და ასევე, გარკვეულწილად, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები მოვისმინეთ. კერძოდ, 2015 წლის ბოლოს პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ იდგა საკითხი სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე. ცოტა მოგვიანებით რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ იგეგმებოდა არა სავიზო რეჟიმის გაუქმება, არამედ მისი გამარტივება, რაც მართლაც მოხდა და 2016 წლიდან სავიზო რეჟიმი გამარტივდა. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ ასევე მოვისმინეთ რუსეთის მხრიდან, რომ მიმდინარეობს მუშაობა სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივების მიზნით. ამჯერად ბატონმა ლავროვმა ამ თვალსაზრისით ახალი ელემენტები გააჟღერა. ჩვენი პოზიცია ასეთია - ქართულმა მხარემ გამომდინარე ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან ჯერ კიდევ 2011 წლიდან გააუქმა სავიზო მოთხოვნები რუსეთის მოქალაქეებისთვის. ასეთი გადაწყვეტილება იყო მიღებული რიგი სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის და ამან გამოიწვია საქართველოში ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა. შარშან ჩვენ გვქონდა რეკორდული რაოდენობა ტურისტებისა - დაახლოებით 1 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა რუსეთიდან. ეს ციფრი და ის, რომ უცხოელი ტურისტები საქართველოში ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს, არის დასტური იმისა, რომ ჩვენში უსაფრთხოების ხარისხი მაღალია. ამაზე მეტყველებს მრავალი კვლევა და საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ. ამიტომ, ბატონი ლავროვის სიტყვები იმის თაობაზე, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება „ბოევიკების“, ტერორისტების, ექსტრემისტების მარშრუტად, საქართველოსთან მიმართებაში არანაირად არ არის მართებული, ამას ჩვენ ვერანაირად ვერ მივიღებთ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თვით რუსეთიდან სირიასა და ერაყში გასულია რუსეთის დაახლოებით 2 000 მოქალაქე. ამგვარად, რუსეთის მხარის გადასაწყვეტია, თუ რანაირ სავიზო რეჟიმს აირჩევს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ მათ ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მოვახვევთ თავს. თუ გადაიდგმება ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომ კიდევ უფრო გამარტივდეს სავიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენ ამას მივესალმებით, თუ გააუქმებენ, ამასაც მივესალმებით, მაგრამ ეს მათი პრეროგატივაა“, - განაცხადა აბაშიძემ.
რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, ზურაბ აბაშიძის თქმით, ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემასთან.
„სანამ არ მოხდება ძალიან სერიოზული წინსვლა, გარღვევა კონფლიქტების დარეგულირების თვალსაზრისით, ეს საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება“, - დასძინა აბაშიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების წინაპირობად რუს და ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს შორის „სრულფასოვან თანამშრომლობას“ ასახელებს. ლავროვი საუბრობს ტერორისტების მიერ სამხრეთ კავკასიის რეგიონის მარშრუტის გამოყენების საფრთხეზე და აცხადებს, რომ ასეთ პირობებში სავიზო რეჟიმის გაუქმება როგორც დიპლომატიური ურთიერთობების, ისე უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება.