საპატრიარქოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ მიზნით საქართველოს საპატრიარქოში სხვადასხვა იერარქიის სასულიერო პირები შეიკრიბნენ.
სასულიერო პირთა ნაწილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეხვედრა სწორედ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს მიეძღვნება.
სხვა სასულიერო პირებთან ერთად ცოტა ხნის წინ საპატრიარქოში შევიდა ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე. მეუფის განცხადებით, მთავარია სიმართლემ გაიმარჯვოს.
ჟურნალისტთა კითხვაზე, მოითხოვს თუ არა საპატრიარქოში აუდიტის შესვლას, მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ეს საკითხი ახლა მეათეხარისხოვანია.
„აუდიტის შესვლა მეათეხარისხოვანია. ახლა მთავარია მამა გიორგის ამ მძიმე, საშინელი ბრალდების წინაშე ერი და ბერი დადგეს ერთად სიმართლის მხარეს”, - განაცხადა მეუფე პეტრემ.
საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრაზე ასევე იმყოფება მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამა გიორგი თევდორაშვილი. მისივე თქმით, მთელი საქართველო არის დაინტერესებული გაირკვეს დეტალები მამა გიორგის საქმესთან დაკავშირებით.
“ჩვენი ტკივილია მამა გიორგის მდგომარეობა. იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება, გაირკვევა მტყუან-მართალი” – განაცხადა მამა გიორგიმ.