საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობის რიგ დეპუტატებთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რათა მთავარი პროკურორის ვადამდე გათავისუფლების თაობაზე მომზადებულ დოკუმენტს საკუთარი ხელმოწერით შეუერთდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ სერგო რატიანმა მიაწოდა. რატიანის განცხადებით, შექმნილი ვითარების ფონზე უმრავლესობაშიც გამოჩნდებიან დეპუტატები, რომლებიც შოთაძის ვადამდე გათავისუფლების თაობაზე მომზადებულ დოკუმენტზე ხელს მოაწერენ.
„ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ ყველასთან. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე განაცხადა, რომ ისინი ამ მოთხოვნას შეუერთდებიან. ჩვენ დანარჩენ ოპოზიციასთან და დამოუკიდებელ დეპუტატებთანაც ვიმუშავებთ. უმრავლესობის წევრებთან გვაქვს და გვექნება პირადი მოლაპარაკება. ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაისაჯოს პირი, რომელიც უშუალოდ იყო დამნაშავე. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ დამნაშავე მთლიანად ხელისუფლებაა და განცხადება რომელიც მთავარმა პროკურომა გააკეთა, შეთანხმებული იყო ხელისუფლებასთან, მაგრამ მან პირადად უნდა აგოს პასუხი. ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟი დამოკიდებულია იმაზე, რომ თითოეული პასუხისმგებელი პირი თანდათან მოვაშოროთ ხელისუფლებას“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ სერგო რატიანმა.
მთავარი პროკურორის ვადაზე ადრე გათავისუფლების პროცედურის დასაწყებად სულ მცირე 50 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ საკითხის ინიცირებას საპარლამენტო უმცირესობა ვერ შეძლებს, თუკი მათ თანამოაზრეები უმრავლესობიდან არ ეყოლებათ.