რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას „ცალმხრივი პოზიციის გამო“ ადანაშაულებს და ასეთ ვითარებაში, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებაში თანამშრომლობას არ აპირებს. ამის შესახებ ლავროვმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში განაცხადა, სადაც პროკურორი ბენსუდაც იმყოფებოდა. ლავროვის თქმით, მასთან შეხვედრა არ ჰქონია.
„პროკურორმა სრული იგნორირება გაუკეთა ყოვლისმომცველ მასალებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციის მიერ იყო წარდგენილი. ისინი დოკუმენტალურად და აბსოლუტურად უპირობოდ ადასტურებდნენ, რომ კონფლიქტი სააკაშვილმა დაიწყო. როდესაც მათი ინდივიდუალური მიმართვები, ვინც სამხრეთ ოსეთში ამ კონფლიქტისგან დაზარალდა, ვისი ნათესავებიც დაიღუპა, გვერდზე იქნა გადადებული, ნათელი გახდა პროკურორის ცალმხრივი პოზიციის მიზანი. ჩვენ დიდი ხანია განვაცხადეთ, რომ ასეთ სიტუაციაში ურთიერთთანამშრომლობას ვერ შევძლებთ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.