ვინაიდან ხელისუფლება გასცდა კანონიერების ჩარჩოებს ”რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით, არ გამოვრიცხავ, რომ მორიგი აშკარა უკანონობა ჩაიდინონ და დააკავონ ნიკა გვარამია, - ამის შესახებ გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ნიკა გვარამიას სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, დღევანდელ გამოკითხვაზე გამოძიების მიერ დასმული კითხვების 90% საერთოდ არ ეხებოდა მიმდინარე გამოძიებას. მისივე თქმით, დღეს აშკარა გახდა, რომ საგამოძიებო ორგანოებს არ აინტერსებთ ის დანაშაული, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს, კერძოდ, ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევა და ვიდეო ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების საქმე.
”მნიშვნელოვანია ის, რომ გამოძიების მიერ დასმული კითხვების 90% საერთოდ არ არის მიმდინარე გამოძიებასთან ახლოს, ვინაიდან გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევაზე და ვიდეო ჩანაწერების უკანონოდ მოპოვება-ჩაწერაზე. ასეთ შემთხვევაში საუბრის შინაარსი ვერ ჯდება გამოძიების ინტერესში და ის ვერ დაეხმარება გამოძიებას გაირკვეს თუ ვინ შეაღწია ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში. ამიტომ მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე არაფრის მომცემი იყო გამოძიებისთვის და აშკარაა, რომ საგამოძიებო ორგანოებს არ აინტერესებს ის დანაშაული, რომელზეც გამოძიებაა დაწყებული. შესაძლებელია გამოძიების კვალიფიკაცია შეიცვალოს, რადგან გამოძიების კითხვები სწორედ იმ მიმართულებით იყო წაყვანილი, რომ შექმნას ხელოვნური, ფორმალური საფუძველი ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით და შექმნას იმის საფუძველი, რომ საზოგადოების აზრის ფორმირებაზე მოახდინოს გავლენა”, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.