ყოფილი და მოქმედი მოსამართლეებისთვის გამოცდელი ვადის გაუქმების გადაწყვეტილება ლოგიკურია, მაგრამ არსებულ რეალობასთან შეუსაბამო

ყოფილი და მოქმედი მოსამართლეებისთვის გამოცდელი ვადის გაუქმების გადაწყვეტილება ლოგიკურია, მაგრამ არსებულ რეალობასთან შეუსაბამო

ყოფილ და მოქმედ მოსამართლეებზე გამოსაცდელი ვადის გაუქმების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლოგიკურია, მაგრამ არსებულ რეალობასთან შეუსაბამო - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პარადოქსული ვითარება შეიქმნა.

კერძოდ, ქუცნაშვილი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ბოლო 10-წლის განმავლობაში დისციპლინური წესით დასჯილი მოსამართლე არ არსებობს, რითაც დეპუტატის თქმით, გამოდის აღიარება იმისა, რომ ბოლო წლებში მოსამართლეებს კანონიერი, სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილებები გამოჰქონდათ, ხოლო მათ საქმიანობაზე საზოგადოების წარმოდგენა არის მცდარი.

“თავად კონსტიტუციაში წერია, რომ მოსამართლე თანამდებობაზე შეიძლება გამოსაცდელი ვადით გამწესდეს ანუ კონსტიტუცია უშვებს მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებისას, მისთვის გამოსაცდელი ვადის დაწესებას. ჩვენ აღმოვჩნდით იმ მდგომარეობაში, რომ როდესაც 2013 წელს კონსტიტუციის ეს დანაწესი ძალაში შევიდა, გვყავდა მოსამართლეები, რომელთაც სამოსამართლეო უფლებამოსილება დაასრულეს ან იყვნენ სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადაში. როდესაც სამუშაო ჯგუფი “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტზე მუშაობდა, მაშინ ჯგუფის საერთო აზრი იყო, რომ ყოფილი და ახალი მოსამართლეობის კანდიდატები თანაბარ მდგომარეობაში ჩამდგარიყვნენ და გამოსაცდელი ვადა შეხებოდათ როგორც ყოფილ, ასევე ახალ მოსამართლეებს. ეს იყო მოტივაცია, როცა 2014 წელს ძალაში შევიდა კანონში განხორციელებული ცვლილებები ყოფილი და ახალი მოსამართლეების გამოსაცდელი ვადით დანიშვის შესახებ. ახლა საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყოფილ და მოქმედ მოსამართლეებს გამოსაცდელი ვადა არ შეეხოს. ალბათ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმ ლოგიკით, რომ თუკი მოსამართლე სამოსამართლეო უფლებამოსილებას არღვევს, არსებობს დისციპლინური დევნის ინსტრუმენტი და მისი ვადაზე ადრე გათავისუფლება დისციპლინური დევნით შეიძლება. ერთია საკონსტიტუციო სასამართლოს ეს ლოგიკური გადაწყვეტილება და მეორეა ცხოვრება - საქართველოში არ არსებობს მოსამართლე, რომელიც ბოლო 10-წლის განმავლობაში თანამდებობიდან დისციპლინური ნორმების დარღვევისათვის გათავისუფლდა. მექანიზმი, რომელიც სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების საქმიანობის კანონიერებას გააკონტროლებდა, მკვდარია და ახლა ვცდილობთ, რომ ეს მექანიზმი ამოქმედდეს. მოგეხსენებათ, ძველი სამოსამრთლეო კორპუსი დისკრედიტირებული იყო საზოგადოების თვალში. ყველა საუბრობდა, რომ წინა ხელისუფლების დროს მათი 9-წლიანი მოღვაწეობა, მათ შორის ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის სახით, სასამართლოს უვარგისობით იყო გამოწვეული. აღმოჩნდებოდა, რომ პრივილეგიებით ძველი მოსამართლეები ისარგებლებდნენ, რომელთაც გამოსაცდელი ვადის შესახებ კონსტიტუციის დანაწესი არ შეეხებოდათ, ხოლო გამოსაცდელი ვადა მხოლოდ ახალბედა, ახლად დანიშნულ მოსამართლეებზე გავრცელდებოდა. ამიტომ მივიღეთ თავის დროზე გადაწყვეტილება როგორც ახლების, ასევე ძველების თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენების შესახებ“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონის 36-ე მუხლის 4¹ პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლის თანამდებობაზე იმ პირის განწესებას 3 წლის ვადით, რომელიც არის ყოფილი ან მოქმედი მოსამართლე და აქვს სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა ითვალისწინებს სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განმწესებამდე პირის მოსამართლედ განმწესებას 3 წლის ვადით. მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ იღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას მისი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განმწესების შესახებ.

აღნიშნული ნორმა ძალადაკარგულად 2017 წლის პირველი ივლისიდან იქნება ცნობილი.