„ყველა მოკვდავია“- ექიმი ჰაუსი მაყურებელს ემშვიდობება(VIDEO)

„ყველა მოკვდავია“- ექიმი ჰაუსი მაყურებელს ემშვიდობება(VIDEO)

ამერიკელი მაყურებელი „ექიმ ჰაუსს“ გამოემშვიდობა. ტელეარხ Fox-ის ეთერში მისი უკანასკნელი, 177-ე ეპიზოდი გავიდა. დასკვნითი სერიის  სახელწოდებაა „ყველა მოკვდავია“.

სერიალი, ეთერში პირველად 2004 წლის 16 ნოემბერს გავიდა. მისი შემქმნელები არიან დეივიდ შორი და პოლ ატანაზიო. შოუს მთავარი გმირი ექიმი გრეგორი ჰაუსია (ჰიუ ლორი), სამედიცინო გენიოსი, რომელიც დიაგნოსტიკურ გუნდს უძღვება პრინსტონ-პლეინსბოროს სასწავლო ჰოსპიტალში, ნიუ-ჯერსიში. შოუს იდეა ატანაზიოს ეკუთვნის, მთავარი გმირი ჰაუსი კი შორის შექმნილია.

სერიალი ფართოდ არის აღიარებული კრიტიკოსებისა და მაყურებლების მიერ. მეორედან მეოთხე სეზონების ჩათვლით ის ამერიკაში საუკეთესო სატელევიზიო შოუების ათეულში შედიოდა.  2007 წელს  „ექიმმა ჰაუსმა“ პოპულარობის მწვერვალს მიაღწია. შემდგომ წლებში მაყურებელთა რაოდენობამ იკლო და 5-6 მილიონზე დავიდა. სერიალს მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის, „ოქროს გლობუსი“ და ექვსი „ემი“.

„ექიმი ჰაუსის“ ისტორიამ რვა წლის განმავლობაში, ათეულობით მილიონი ტელემაყურებლის ყურადღების მიქცევა შეძლო. კრიტიკოსები თავიდანვე აღფრთოვანებით მიესალმნენ გრეგორი ჰაუსს. ამ გენიოს პერსონაჟში გაერთიანებულია საკუთარი საქმის დიდი სიყვარული, იუმორი, პროფესიონალიზმი, ირონია და სატირაც კი.

ხალხის უდიდესი სიყვარული მოიპოვა, მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა, ჰიუ ლორიმ, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც მსახიობი, რომელმაც სერიალების ისტორიის მანძილზე ტელეკრანებთან ყველაზე დიდი აუდიტორიის მიზიდვა შეძლო.  მაშინ, როდესაც სერიალის რეიტინგი ყველაზე მაღალი იყო, მისი აუდიტორია 82 მლნ ადამიანს ითვლიდა.

 ჰიუ ლორი, არის სერიალების ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი. 2010 წელს ლორის ჰონორარი თითოეული ეპიზოდისთვის 700 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

 53 წლის მსახიობის ოჯახი ლონდონში ცხოვრობს, თავად ლოსანჟელესში. ოჯახზე ცოტას ლაპარაკობს. ჰიუ ლორს თავის გმირთან ბევრი საერთო აქვს, - დიდად არ უყვარს ხალხთან ურთიერთობა და საზოგადოებას ბევრ რამეს უმალავს. მასაც ძალიან უყვარს ყავა და ხშირად ამბობს გადაღებებს უხდებაო.