ზაზა ბიბილაშვილი გვარამია-ახვლედიანის საუბრის ჩანაწერზე - ამ საქმეში დამნაშავე, ანუ ხელისუფლება ასამართლებს მსხვერპლს

ზაზა ბიბილაშვილი გვარამია-ახვლედიანის საუბრის ჩანაწერზე - ამ საქმეში დამნაშავე, ანუ ხელისუფლება ასამართლებს მსხვერპლს

ამ საქმეში დამნაშავე, ანუ ხელისუფლება ასამართლებს მსხვერპლს, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ბიბილაშვილმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკითხვის შეფასებისას განაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანსა და „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას შორის გამართული საუბრის ჩანაწერთან დაკავშირებულ საქმეზე, ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამია იკითხება. სასამართლოში შეკრებილები არიან ”ნაციოანლური მოძრაობის” წევრები და ნიკა გვარამიას ახლობლები.

ბიბილაშვილის შეფასებით, ნიკა გვარამიას მიმართ სამართლებრივი პროცედურების გატარება ემსახურება ბიძინა ივანიშვილის სურვილს, რომ შეცვალოს ”რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკა.

”ამ საქმეში მომჩივანი იყო ნიკა გვარამია. ის მოითხოვდა გამოძიებას, თუ როგორ მოხდა ამ ჩანაწერის მოპოვება და ახლა დამნაშავე, ის, ვინც ეს ჩანაწერი უკანონოდ მოიპოვა, ანუ ხელისუფლება ასამართლებს მსხვერპლს. ნიკა გვარამიას მიმართ იყო შანტაჟის მცდელობა, იყო დაშინების, მოსყიდვის მცდელობა არაერთგზის, თუმცა არაფერმა გაჭრა. ივანიშვილი აცნობიერებს, რომ გვარამიას ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია „რუსთავი 2“-ის დაცვის საქმეში, აცნობიერებს იმას, რომ ნიკა გვარამიას თავისუფლება მისთვის არის საფრთხე, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ყველა ჩვენგანი გარანტიას ვიძლევით, რომ ივანიშვილს ეს ყველაფერი ხელში აუფეთქდება, ის ვერც ”რუსთავი 2”-ს წაიღებს და მითუმეტეს, ვერც ამ ქვეყნის პრივატიზებას დაასრულებს”, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.