გია გუგუშვილი:

გია გუგუშვილი: "ჩვენში მთავრობის შეცვლა გემოვნების შეცვლასაც ნიშნავს"

"ხელოვნება მშვენიერი ლაბირინთია, საიდანაც გამოსვლა არასდროს ღირს" - ეს სიტყვები გამოჩენილ ქართველ მხატვარს, გია გუგუშვილს ეკუთვნის. ბატონმა გიამ თავისი ცხოვრების ნახევარი თბილისის სამხატვრო აკადემიას შესწირა, თუმცა ორი წელია სამხატვრო აკადემიაში აღარ მოღვაწეობს. ბატონმა გიამ ორწლიანი დუმილი დაარღვია და გაზეთ "ყველა სიახლეს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

ბატონო გია, მას შემდეგ, რაც სამხატვრო აკადემია დატოვეთ, ჟურნალისტებთან აღარ გისაუბრიათ. 
- ორ წელიწადზე მეტია, სამხატვრო აკადემიაში აღარ ვარ. არადა, ვიყავი კათედრის გამგე, დეკანი, პრორექტორი და სრული პროფესორი. ძნელი კი იყო აკადემიის დატოვება, სამაგიეროდ, ახლა თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა აკადემიაზე დღესაც შემტკივა გული.

- რატომ დატოვეთ აკადემია?
- აკადემიაში არჩევნების უცნაური სისტემა დამკვიდრდა, რომელიც ერთპიროვნულად საკუთარ თავზე აიღო კულტურის სამინისტრომ და როგორც ესმოდა და როგორც სურდა, ისე მიჰყავდა საქმე. დღეს აკადემიას ჰყავს ახალი რექტორი - ქალბატონი ირინა პოპიაშვილი, რომელიც პირდაპირ დანიშნეს (კონკურსში ნული ხმა მოაგროვა).

- თქვენ არ მონაწილეობდით არჩევნებში?
- არ ვისურვე ამ ფარსში მონაწილეობა, რადგან ამას დაპირისპირება და კონფლიქტი მოჰყვებოდა. კულტურის სამინისტროს თავისი გეგმა ჰქონდა, მე - ჩემი და ამიტომ ვთქვი უარი არჩევნებზე. დღეს კი ეს ქალბატონი არის რექტორი იმ აკადემიისა, რომელიც ფიზიკურად დანგრევის პირასაა. არადა, უნიჭიერესი ახალგაზრდები სწავლობენ და ძალიან მეცოდებიან. დღეს იქ ყველაფერი ყირაზე დგას. არ შეიძლება მისაღები გამოცდები იმ საგნებში იყოს დანიშნული, რომლებიც სკოლაში არ ისწავლება. თუ აბიტურიენტი რეპეტიტორთან არ მოემზადა, მისაღებ გამოცდაზე პორტრეტს ვერ დახატავს. ამიტომ, უკვე პორტრეტს კი არა, ნატურმორტს ახატვინებენ. მართალია, ნიჭიერი და დაკვირვებული თვალი დაინახავს, როგორი ნამუშევარია, მაგრამ მეორე პრობლემას შევეჯახეთ - აბიტურიენტები ნატურმორტების ფრაგმენტებს ისე იზეპირებენ, ვერ მიხვდები, ზეპირად დახატეს თუ ზუსტი ხედვით.

- ნახატის დაზეპირება შეიძლება?
- რა თქმა უნდა. ერთი წლის განმავლობაში რომ იმეცადინებ, დაიზეპირებ. ხატვის რაღაც ეტაპამდე სწავლა შესაძლებელია, თუმცა მხატვრობის - არა. არადა, თავის დროზე რეფორმები გავატარეთ, მსგავსი რამ რომ აღმოგვეფხვრა. თუმცა დღეს მავანი გამოდის და ამბობს, აკადემიაში არაფერი გაკეთებულა, რეფორმებიც კი არ გაუტარებიათ, სამაგიეროდ, ჩვენ მოვედით და ამ ყველაფერს მოვუვლითო. ეს უკვე უმადურობაა, რაც ყველაზე მეტად არ მიყვარს. მათთვის, აგრეთვე, პრიორიტეტულია ისიც, რომ აკადემიის ხელმძღვანელი უცხოელი ან იქ ნაცხოვრები მაინც უნდა იყოს. არადა, ნახევარი ცხოვრება საზღვარგარეთ მაქვს გატარებული და ახლაც, წელიწადში რამდენჯერმე, შვეიცარიასა და გერმანიაში გალერისტებისთვის მასტერკლასს ვატარებ. 

ქალბატონ ირინა პოპიაშვილს განათლება უცხოეთში აქვს მიღებული?
- არა - თბილისში. მას ნიუ-იორკში ჰქონდა პატარა გალერეა, თავისი ბიზნესი, ამბობენ, კარგი მენეჯერიაო. მოვიდა ეს ქალბატონი რექტორად და თვითონაც სწავლობს სტუდენტებთან ერთად. ვნახოთ, რა მოხდება. აკადემიის რეკონსტრუქციას რამდენიმე მილიონი ლარი სჭირდება. ასე რომ, პირველ რიგში, აკადემიის კედლები უნდა გადარჩეს, ოღონდ - რა გადაარჩენს იმ დაკარგულ წლებს, ეს აღარ ვიცი... 

მაინც რატომ წამოხვედით სამხატვრო აკადემიიდან?
- უამრავი რამ დაგროვდა ჩემში და მაშინ იფეთქა, როდესაც გვითხრეს, აკადემიის ადმინისტრაციულ მმართველობაში 65 წელს გადაცილებული ადამიანი არ უნდა მუშაობდესო. არადა, 65 წლის მხატვარი სიმწიფის მიჯნაზეა, ეწყება გაფურჩქვნის პერიოდი და აქვს უდიდესი გამოცდილება. ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ კატეგორიულად გავილაშქრე. ამას მოჰყვა დაპირისპირება იმჟამინდელ რექტორთან, ბატონ გია ბუღაძესთან. მართალია, მე და გია სამსახურებრივად დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ ვმეგობრობთ. ძნელია, ასეთი თანამდებობის და ხელფასის დატოვება, მაგრამ იქ მართლა ვერ გავჩერდებოდი, სამაგიეროდ, ახლა არანაკლებ თანამდებობას ვიკავებ ჩემს სახელოსნოში, რომელსაც მანამდე კარგა ხანს ვღალატობდი (იღიმის). ამ ამბიდან მოკლე ხანში კულტურის სამინისტრომ სამხატვრო აკადემიის რექტორის კანდიდატად გოგი-ალექსი მესხიშვილი დაასახელა, რომელიც 65 წელს გვარიანად იყო გადაცილებული. თუმცა გოგი რომ თავის საქმეში ბრწყინვალეა და დიდი ხელოვანი, ყველამ კარგად იცის. მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა - მას შემდეგ, რაც ბატონმა გოგი მესხიშვილმა ხელი მოაწერა რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას დაბრუნების განცხადებას, აკადემიის რექტორობის არასასურველი კანდიდატი შეიქნა. ასეთი რამ ჩვენში "მოსულა" და არ უნდა გაგვიკვირდეს.

- როგორც ვიცი, წლების წინ ერთი ნახატის გამო კინაღამ დაგაპატიმრეს.
- 1983 წელს, მოსკოვში ჩატარდა მხატვართა სიმპოზიუმი, სახელწოდებით "ჩვენ ვაშენებთ კომუნიზმს" და მიწვეულმა მხატვრებმა წარვადგინეთ ჩვენი თვალით დანახული "მშენებარე კომუნიზმი" (იღიმის). ყველა მხატვარმა ტრაქტორი, ნივა, დიდი მოსავალი, მუშათა მხნე სახეები დახატა, მე კი სერია - "ორი ფლეიტა", რის გამოც კინაღამ დამაპატიმრეს. ცოტა არ იყოს, შემეშინდა... სხვათა შორის, ერთი, საკმაოდ წონიანი რუსი მხატვარი დამეხმარა და მისი თხოვნით, ორგანიზატორებმა სხდომა მოიწვიეს, ხელახლა რომ განეხილათ ჩემი ნამუშევარი... და იცით, რა მოხდა? ამ სიმპოზიუმზე ჩემმა ნახატმა პირველი ადგილი დაიკავა...

- თბილისში და მთლიანად ქვეყანაში ბევრი რამ აშენდა. როგორ შეაფასებთ ამ პროცესს?
- რუსთაველის პროსპექტს, რეკონსტრუქციის შემდეგ, ენერგეტიკული ღირებულება, აურა დააკლდა, რასაც ამ პროსპექტზე დაგებული ქვაფენილი იტევდა. ბოლოს და ბოლოს ამ პროსპექტზე დადიოდნენ: გალაკტიონი, კონსტანტინე, ვაჟა, ტიციანი და სხვა უამრავი გენიოსი. ეს ქვაფენილი კი აყარეს, გააქრეს და დააგეს დეკორატიული ფილები. მართალია სკამები მომწონს, მაგრამ ის პატარ-პატარა ქანდაკებები, რომლებიც რუსთაველის პროსპექტის მარცხენა მხარეს ჩაამწკრივეს, მომწონს თუ არა, არ ვიცი (იღიმის). განსაკუთრებით გული მწყდება ლაღიძის წყლების მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც კი ეს ადგილი ახლებურად მოაპირკეთეს, უინტერესო გახდა. ეტყობა, ამას მიხვდნენ, გამოცდილებაც მიიღეს და აღმაშენებლის გამზირი უკეთესად გააკეთეს. მაგრამ რას ერჩოდნენ რუსთაველის გამზირს? რაღა მაინცდამაინც თბილისის ამ მონაკვეთზე გაიარეს პრაქტიკა, რომელიც ჩვენი დედაქალაქის დიდებული ისტორიული ნაწილია? ან რუთაველის გამზირზე დაეტოვებინათ რამდენიმე ფილა და აღენიშნათ, რომ ამ ქვაფენილზე დადიოდნენ დიდი ქართველი გენიოსები. თუნდაც იმიტომ, რომ თანამოქალაქეების ხსოვნისთვის მიეგოთ პატივი. მაშინ ეს კონცეფცია, თუნდაც შეღებილი ფასადები (რომელზეც საღებავი მალევე ხუნდება), გამართლებული იქნებოდა, რადგან ძალიან ხშირად ჩვენს ურბანულ "ხელოვნებას" ჯიბრით გაკეთებულის სუნი ასდის. ან სად ჩქარობენ? თუ ჩქარობენ კიდევ, არსებობს ბრძნული გამონათქვამი - "იჩქარე ნელა" და ხომ შეიძლება ნელა იჩქარონ?!

- ჩვენში მოდურია უცხოელი არქიტექტორების მოწვევა, არადა, ჩვენი არანაკლებ ნიჭიერი არქიტექტორების უმრავლესობა უმუშევარია...
- რა გაეწყობა, ჰგონიათ, რომ, რადგან უცხოურია, კარგია, არადა, ხშირად ამ "უცხოურსაც" და "კარგსაც" სიჭრელესთან მივყავართ. შეიძლება ჩვენთვის ესეც სახადი და გასავლელი გზაა და ოდესმე შეჯერდება, მაგრამ ქართული ხასიათიდან გამომდინარე, ვხვდები, ეს ყველაფერი როგორ დამთავრდება.

როგორ?
- როცა იქნება, შეიცვლება მთავრობა და ახალი ხელისუფლება დაიწყებს ნგრევას და თავის ჭკუაზე კეთებას. ამის მაგალითები არაერთხელ გვინახავს. სამწუხაროდ, ჩვენში მთავრობის შეცვლა გემოვნების შეცვლასაც ნიშნავს.

- თანამედროვე ძეგლებს როგორ შეაფასებთ?
- ეს დიდი სიფრთხილით გასაკეთებელი საქმეა. როდესაც ეკონომიკასა და პოლიტიკაში "მაგარი" ხარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელოვნებაშიც ასეთი ხარ, ან - პირიქით. ხელისუფლებაში არიან ისეთებიც, ვინც ამ ყველაფერს კარგად ხვდება, მაგრამ მათ ეს საკითხები ან ვერ გააქვთ, ანდა დამაჯერებლად ვერ ასაბუთებენ, რა არის კარგი და რა ცუდი. ზოგჯერ ტაშის გრიალით იღებენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ძეგლის თბილისში დადგმაზე, შემდეგ კი ბორჯომში გადააქვთ იმის მომიზეზებით, რომ ამ ძეგლმა დედაქალაქში არ გაამართლა, რაც ჩემთვის გაუგებარია - თუ ეს ძეგლი თბილისში არ მოსწონთ, ბორჯომმა რა დაუშავათ. რა, ბორჯომში მეორეხარისხოვანი საზოგადოება ცხოვრობს? რაც შეეხება ახალ ხიდს, მომწონს, როდესაც სიძველეში კონტრასტულად ახალი ჩნდება, ან პირიქით, მაგრამ შეასრულა თუ არა ეს პრინციპი შუშის ხიდმა, ამას გარკვეული დროის შემდეგ მივხვდებით. იმ ხიდზე მეტად საბაგირო გზა მაფიქრებს, რომელიც ჰორიზონტს უცნაურად კვეთს. ასე რომ, ქალაქი შენდება, მაგრამ როგორ, ეს სხვა საკითხია. მაღიზიანებს, როდესაც მთავრობა წყვეტს კულტურის საკითხებს. უმჯობესია, მან მენეჯერული საქმეები მოაგვაროს და კულტურაში რჩევა პროფესიონალებს ჰკითხოს.

- რა არის ახალი თქვენს შემოქმედებაში?
- დაახლოებით ერთ თვეში ლონდონში გაიმართება ჩემი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, წელს მისრულდება 60 წელი და ძალიან მიხარია, რომ ვუახლოვდები ასაკს, როდესაც მხატვარი თავისი შემოქმედების ზენიტშია. ოქტომბრის ბოლოს კი "თიბისი ბანკის" ახალ საგამოფენო დარბაზში გავმართავ საიუბილეო პერსონალურ გამოფენას და რაც ყველაზე მთავარია, ვმოღვაწეობ დღესდღეობით ყველაზე პროგრესულ არტ გალერეა "ტიფლის ავენიუსთან".