სასამართლოებში საქმეთა რაოდენობა განაპირობებს იმას, რომ გადაწყვეტილებების ხარისხზე ვეღარ ვზრუნავთ

სასამართლოებში საქმეთა რაოდენობა განაპირობებს იმას, რომ გადაწყვეტილებების ხარისხზე ვეღარ ვზრუნავთ

მინდა უახლოეს მომავალში მივიდე საბჭოს წევრებთან ერთად საქალაქო სასამართლოში, შევხვდე მოსამართლეებს და დავილაპარაკოთ პრობლემებზე და რა გვიშლის ხელს მათ დაძლევაში, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს მოსამართლეთა მე-19 საანგარიშო კონფერენციის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მურუსიძემ აღნიშნა, სასამართლოს წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა საქმეების სიმრავლეა.

”მთავარი გამოწვევა არის ის, რომ გაჭიანურებულია საქმეები, რომლებიც თვეების განმავლობაში სასამართლოში დევს და განხილვა ვერ ხდება საქმეთა რაოდენობის გამო. ეს პრობლემა უნდა დაიძლიოს. ამისთვის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები. კიდევ სხვა ნაბიჯების გადადგმასაც ვაპირებთ. მინდა, უახლოეს მომავალში მივიდე საბჭოს წევრებთან ერთად საქალაქო სასამართლოში, შევხვდე მოსამართლეებს და დავილაპარაკოთ რა პრობლემებია, რა გვიშლის ხელს ამ პრობლემების დაძლევაში. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ წლის ბოლოსთვის, შეიძლება უფრო ადრეც, ეს პრობლემა სასამართლო სისტემაში აღარ იარსებებს”, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თქმით, სასამართლოს მუდმივად სჭირდება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც განამტკიცებს მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მის მიუკერძოებლობას.

”საქმეთა რაოდენობა განაპირობებს იმას, რომ გადაწყვეტილებების ხარისხზე ვეღარ ვზრუნავთ. ამ საქმეების შემცირებასთან ერთად მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გადაწყვეტილებები იყოს უფრო ხარისხიანი. საუბარი მაქვს გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხზე”, - აღნიშნა მურუსიძემ.