ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიტვის პრემიერ-მინისტრს საულიუს სკვერნელისს შეხვდა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამინისტროდან აცნობეს, მიხეილ ჯანელიძემ ლიტვის პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მილოცვა გადასცა და წარმატება უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.
მათივე განმარტებით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსა და ლიტვის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და მზაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს ორი ქვეყნის მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა.
”ხაზი გაესვა საქართველოსა და ლიტვას შორის მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სექტორული თანამშრომლობისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გააქტიურებას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრის და ბიზნეს-ფორუმის ორგანიზებაზე, რაც ხელს შეუწყობს საქმიან წრეებს შორის კავშირების განვითარებასა და ორმხრივი ინვესტიციების წახალისებას.
შეხვედრისას ასევე დაფიქსირდა მზაობა საქართველოსა და ლიტვას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების თაობაზე”, - აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.