პრეზიდენტ ბარაქ ობამას უფრო ადრე უნდა გაემკაცრებინა სანქციების რეჟიმი რუსეთის მიმართ, რომელიც გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს, - აღნიშნული განცხადება აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა პოლ რაიანმა გააკეთა.
„მე ვთვლი, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალიან გვიან დააწესა. ეს ადრე უნდა გაეკეთებინა“, - აღნიშნა პოლ რაიანმა.
მისი თქმით, „რუსეთი გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის“.
„ვთვლი, რომ უფრო აქტიურები უნდა ვყოფილიყავით რუსეთთან კონფრონტაციაში. რუსეთი მართლაც ჩაერია ჩვენი არჩევნების პროცესში და შესაბამისად, გავლენას ახდენდა. ერთი სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს არჩევნებში ერევა. ასეთი ქცევა ცუდია“, - განმარტა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
მისი განცხადებით, „რუსეთი არ იზიარებს აშშ-ის ინტერესებს და ცდილობს სხვა ქვეყნებში დემოკრატიის დელეგიტიმირებას“.