ნუგზარ წიკლაური - ”ნაციონალური მოძრაობიდან” მიდის საკუთარ ამომრჩეველთან ბრძოლაში დამარცხებული პოლიტიკური გუნდი

ნუგზარ წიკლაური - ”ნაციონალური მოძრაობიდან” მიდის საკუთარ ამომრჩეველთან ბრძოლაში დამარცხებული პოლიტიკური გუნდი

”ნაციონალური მოძრაობიდან” მიდის საკუთარ ამომრჩეველთან ბრძოლაში დამარცხებული პოლიტიკური გუნდი, - ამის შესახებ პარტიის წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს. 

წიკლაური ეხმაურება პარტიის წევრების ნაწილის - ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს სავარაუდოდ ”ნაციონალური მოძრაობის” დატოცვების შესახებ განცხადებას გააკეთებს.

წიკლაურის შეფასებით, ”ნაციონალური მოძრაობა” უბრუნდება ეროვნულ და დემოკრატიულ საწყისებს და კვლავ ხდება იმგვარი პოლიტიკური ძალა, რომლის კარი ღიაა ყველა პატრიოტისთვის.

”ივანიშვილის გეგმა ჩაიშალა - მან ვერ მოახერხა მთავარი ოპოზიციური ძალის გახლეჩა, დანაწევრება და დანგრევა. მან ვერ მოახერხა მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან დისტანცირება. დღეს განდგომილთა მცირე ჯგუფი ტოვებს ”ნაციონალურ მოძრაობას”; თუმცა, ზუსტად ასევე ეს პარტია სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზეზით დატოვეს ოქრუაშვილმა, ბურჯანაძემ, ნოღაიდელმა, ოცნებაში გადაბარგებულმა მაჟორიტარებმა, გირჩებმა, ვაშაძემ. ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო ჩვენი პოლიტიკური ძალის დასუსტება, რადგან ”ნაციონალური მოძრაობა” არის არა მხოლოდ პარტია, არამედ ქვეყნის გაძლიერების და განვითარების საუკუნოვანი ეროვნული იდეა, ხოლო მისი მხარდამჭერებისთვის სწორედ ეროვნული იდეის გამარჯვება არის უმთავრესი მიზანი”, - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

მისივე თქმით, დღეს ”ნაციონალური მოძრაობიდან” მიდის ჯგუფი, რომლის ლიდერები იმეორებენ ივანიშვილის სიტყვებს, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” დანგრეულია. 

”ეს არის საკუთარ ამომრჩეველთან ბრძოლაში დამარცხებული პოლიტიკური გუნდი, რომელიც იმდენად იზოლირებულია, იმდენი პოლიტიკური სიმამაცეც კი არ გააჩნია, რომ საკუთარი პარტიის ყრილობაზე, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე წარდგეს. ამავე დროს, დღევანდელი დღე არის კაბინეტური მმართველობის და კარჩაკეტილობის დასასრული. ”ნაციონალური მოძრაობა” უბრუნდება ეროვნულ და დემოკრატიულ საწყისებს და კვლავ ხდება იმგვარი პოლიტიკური ძალა, რომლის კარი ღიაა ყველა პატრიოტისთვის. ამ თვალსაზრისით, იწყება ჩვენი ბრძოლის ისტორიული ეტაპი და ეს ეტაპი უთუოდ დასრულდება საქართველოს გამარჯვებით. ახლა ყველას გვჭირდება მხნეობა, ახალი ბრძოლებისთვის მზადება და ერთ მუშტად შეკვრა. ძალა ერთობაშია”,- აცხადებს ნუგზარ წიკლაური.