“მე კი გავიმეტე თავი დასაწვავად, მაგრამ ამით ეგებ თქვენ მაინც გეშველოთ“

“მე კი გავიმეტე თავი დასაწვავად, მაგრამ ამით ეგებ თქვენ მაინც გეშველოთ“

დამწვრობის ცენტრში გადაწყვანილ აფხაზეთიდან დევნილ ნანა ფიფიას, რომელმაც დევნილთა სამინისტროსთან ბენზინი გადაისხა, სიცოცხლისათვის სახიფათო დამწვრობა აქვს მიღებული. ამის შესახებ პრესა.გე–ს “კონსერვატორების“ ერთ–ერთმა ლიდერმა, ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა. 

“ვიყავით დამწვრობის ცენტრში, სადაც გვითხრეს, რომ ნანა ფიფია რეანიმაციაში მოთავსებული, სხეულის ზედაპირის 32%–ზე მეტი აქვს დამწვარი, მეორე–მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული და მისი მდგომარეობა ითვლება სიცოცხლისათვის სახიფათოდ“, – ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი. 

პრესა.გე ასევე ესაუბრა გაგრიდან დევნილ მანანა ქადარიას, რომელიც სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილე და დღეს მომხდარი ინცინდენტის ერთ–ერთი თვითმხილველია. მომხდარის შესახებ ასეთი რამ გვიამბო: 

“ჩვენ კარავში ვიყავით, როცა ეს ქალი სამინისტროდან გამოვიდა. ძალიან განაწყენებული იყო. კარვებთან ბენზინი დაუდია. კი ლაპარაკობდა, თავს დავიწვავო. კარავში ვიჯექი და უცებ, კივილი–წივილი შემომესმა. რომ გავიხედე და გავვარდი, ქალი უკვე იწვოდა. თურმე, კუთხეში გასულა და ბენზინი გადაუსხია. რა საშინელება იყო, თავად წარმოიდგინეთ – წელს ქვევით იწვოდა. მივვარდით ხან წყლით, ხან რაღაცით. სასწრაფოს გამოვუძახეთ და დამწვრობის ცენტრში წაიყვანეს. 

ნანა ფიფია დაახლოებით 40 წლის იქნება. არ ვიცი ჰყავს თუ არა შვილები. რომ ვკითხე – შვილო, რატომ გააკეთე ეს–მეთქი, მიპასუხა – “ქალბატონო, მე კი გავიმეტე თავი დასაწვავად, მაგრამ ამით ეგებ თქვენ მაინც გეშველოთო“. გვითხრა, რომ ტუღუშს შეურაცხყოფა მიუყენებია – ფოცხოში ფართი შეუთავაზებია და ამას უთქვამს, “იქ რა გავაკეთო, ბალახის მეტი, რომ არაფერი არ არისო?!“ და პასუხად ეს მიუღია – “არაფერი რომ არ არის, წადი და ბალახი ძოვეო“. ასე მითხრა, ამიტომ გავაკეთე ესო. 

ჩვენ დაგვაბრმავეს, დაგვაყრუეს, გვაშიმშილეს, ყველანაირად გაგვიმეტეს და დაგვცინეს. 60 წლის ქალი ვარ, 4 შვილის დედა და მეათე დღეა კარავში ვშიმშილობ –  “ზაკოს“ შენობიდან გამოგვასახლეს და ვითხოვთ თავშესაფარს“. 

იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც თვითმხილველისგან შევიტყვეთ, კითხვები დავუსვით დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელს, მაკა ესაიაშვილს. მან გვითხრა, რომ როგორც გაარკვიეს, “მსგავსი არაფერი ყოფილა“. ანუ ნანა ფიფიასთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია: 

“ნანა ფიფია ტუღუშთან იყო, მის დაწერილ განცხადებაზე პასუხი მიიღო, მაგრამ არანაირი შეურაცხყოფა და შელაპარაკება არ ყოფილა. გრიგოლ ტუღუში დევნილთა დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა სამმართველოში მუშაობს, მაგრამ დღევანდელ ინცინდენტთან არაფერ შუაში არ არის. 

ალბათ, თქვენც გესმით და საზოგადოებასაც, რომ თბილისში ყველას დაკმაყოფილება ფართით და ბინების დარიგება, შეუძლებელია. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს საშუალება დევნილებს რეგიონებში გარემონტებული ფართები შევთავაზოთ, რაც საკუთრებაში გადაეცემათ. უკიდურესი ზომებით პრობლემა არ გვარდება. კონკრეტულად დღეს მომხდარ შემთხვევაზე ჯერჯერობით მეტის არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან  ვარკვევთ, მოკვლევას ვაკეთებთ“, – გვითხრა დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელმა.