“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე სომხეთში გამავალი ბუნებრივი აირის საფასურის მონეტიზაციის გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის დამაზიანებელ გადაწყვეტილებად აფასებს.
როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებით საქართველო რუსეთს გადააბარებს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ქვეყანაზე ზეწოლის განსახორციელებლად.
კაპანაძის შეფასებით, სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზისის საფასურის ნატურით ანაზღაურება ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი გარანტორი იყო იმისა, რომ საქართველო არ ყოფილიყო რუსეთზე დამოკიდებული და ამით საქართველოს ჰქონდა ბერკეტი რუსეთთან მიმართებაში, რომ არ შეეწყვიტა ქვეყნისთვის გაზის მიწოდება.
”დღეს ჩვენ ყველამ ვნახეთ მთავრობის სხდომა, თუმცა ამ სხდომაზე ერთი ძალიან სერიოზული და შემაშფოთებელი გზავნილი გაჟღერდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მოლაპარაკებას ”გაზპრომთან”, რათა მოახდინოს სომხეთში მიმავალი ბუნებრივი აირის საფასურის მონეტიზაცია. ეს ძალიან სახიფათო განცხადებაა, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომელშიც გაჟღერდა, რომ რუსეთმა და ”გაზპრომმა”, როგორც ჩანს, გარკვეული ულტიმატუმი წამოგვიყენა და იქვე იქნა ნათქვამი, რომ ეს არის ბოლო შემოთავაზება, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ამასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, მთავრობა აპირებს გადაწყვეტილების მიღებას, რომ მოახდინოს ამ ტრანზიტის მონეტიზაცია. ეს ძალიან სახიფათო გადაწყვეტილებაა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისივე თქმით, შარშან ამ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი ზეწოლა განხორციელდა ხელისუფლებაზე და ამან გარკვეული შედეგები გამოიღო კიდეც.
”როგორც ჩანს, მთავრობა ისევ უკან უბრუნდება იმ თავის მავნებლურ პოლიტიკას, რომელიც მას სურს რომ განახორციელოს და ეს ინსტრუმენტი ხელიდან გაუშვას. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, ენერგეტიკის სამინისტროს, პრემიერ-მინისტრს, რომ ეს მავნებლური ნაბიჯი არ გადადგას, რადგანაც საუბარია მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ბერკეტის ხელიდან გაშვებაზე. ახლა შეიძლება მყისიერი მოგება ვნახოთ, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ”გაზპრომი” ულტიმატუმებს გვიყენებს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს ძალიან დამაზიანებელი იქნება ქვეყნის ინტერესებისთვის,” - განაცხადა კაპანაძემ.
მისივე თქმით, ის მიდგომა, რომ ყოველი კალენდარული წლის ბოლო დღეებში წარმოებს მოლაპარაკება „გაზპრომთან“, არასწორია და ამით იკარგება რუსეთთან მოლაპარაკების ბერკეტი.
”ამ თემაზე თუ საჭიროა მოლაპარაკებები, ის უნდა გაიმართოს მაშინ, როცა ძლიერი პოზიციები გვაქვს და არა მაშინ, როცა სუსტები ვართ”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.