არსებობს არასრულწლოვანთა პროსტიტუციის საფრთხე, პრემიერმა ამ საფრთხის პრევენციაზე გაამახვილა ყურადღება

არსებობს არასრულწლოვანთა პროსტიტუციის საფრთხე, პრემიერმა ამ საფრთხის პრევენციაზე გაამახვილა ყურადღება

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მზადყოფნას გამოთქვამს, პრემიერ-მინისტრის მიერ დასმულ არასრულწლოვანთა პროსტიტუციის პრობლემაზე მუშაობის პროცესში პირადად ჩაერთოს.

როგორც ჯაშმა განაცხადა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა პრობლემაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის.

”არსებობს არასრულწლოვანთა პროსტიტუციის საფრთხე. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ამ საფრთხის პრევენციისა და აღმოფხვრის აუცილებლობაზე. ამავდროულად, მიანიშნა კონკრეტულ ფაქტებზე, სადაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევას, გენდერული და ეთნიკური ნიშნით. დიახ, ეს არის კანონდარღვევა და სწორედ ამ პრობლემაში გარკვევა დაევალათ შესაბამის უწყებებს. რამდენადაც აღნიშნული საფრთხეები უკავშირდება არასრულწლოვანთა - მოსწავლეებისა და სტუდენდების უფლებების დარღვევას და ამასთან წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით რისკებს, მზად ვარ ჩავერთო ამ პრობლემაზე მუშაობის პროცესში”, - აცხადებს მარიამ ჯაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ სხდომაზე არასრულწლოვანთა პროსტიტუციის პრობლემებზე ისაუბრა. კვირიკაშვილმა საკითხში გარკვევა და მოგვარება შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა.