„ნაციონალური მოძრაობის“ მომავალი ხელმძღვანელობა სავარაუდოდ, პარტიული სიიდან ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლების ამოღების გადაწყვეტილებას მიიღებს

„ნაციონალური მოძრაობის“ მომავალი ხელმძღვანელობა სავარაუდოდ, პარტიული სიიდან ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლების ამოღების გადაწყვეტილებას მიიღებს

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალმა ხელმძღვანელობამ, რომელსაც პარტიის 20 იანვრის ყრილობაზე აირჩევენ, შესაძლოა ”ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიიდან იმ პირების ამოღებაზე მიიღოს გადაწყვეტილება, რომლებიც უგულავა-ბოკერიას გუნდს წარმოადგენენ და რომლებიც, როგორც მოსალოდნელია, უახლოეს დღეებში პარტიას დატოვებენ.

როგორც ამასთან დაკავშირებით ”ინტერპრესნიუსს” ნინო კალანდაძემ განუცხადა, ლოგიკურია, რომ ადამიანები, რომლებიც ”ნაციონალურ მოძრაობას” დატოვებენ, ამ პარტიის სიით პარლამენტში ვეღარ შევიდნენ. მან აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს თემა ამ ეტაპზე არ განიხილება.

”ამ ეტაპზე მსგავსი არაფერი განიხილება. ჩვენ ყრილობისათვის ვემზადებით - ჯერ მმართველი რგოლი უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც ყრილობამ უნდა აირჩიოს და მერე მიიღება ყველა სხვა გადაწყვეტილება. ცხადია, ლოგიკურია, რომ ადამიანები, რომლებიც პარტიას დატოვებენ, იმ პარტიის სიით პარლამენტში ვეღარ შევლენ, მაგრამ ამაზე გადაწყვეტილება ახალმა პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ნინო კალანდაძემ.

პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენლის, ლევან თარხნიშვილის აზრით, რომელიც ”ნაციონალურ მოძრაობაში” უგულავა-ბოკერიას ფრთას წარმოადგენს, თუკი პარტიის ახალი მმართველობითი ორგანო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაში განსაკუთრებული არაფერი იქნება. თარხნიშვილი აქცენტს ”ნაციონალური მოძრაობის” ყრილობისა და პარტიის მომავალი ხელმძღვანელობის ლეგიტიმურობის საკითხზე აკეთებს.

”ის, თუ რას იზამს ”ნაციონალური მოძრაობის” ახალი მმართველობითი ორგანო, რომელსაც ყრილობა აირჩევს, ეს მათი საქმეა და მათ უნდა ჰკითხით - მე თუ მკითხავ, ეს ყრილობა საერთოდ არ არის... რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ამ შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტის ლეგიტიმულ წარმომადგენელს, უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, როცა სია აქტიური არ არის, სიიდან ნებისმიერი ადამიანი ამოიღოს. შესაბამისად, თუკი ყრილობა ლეგიტიმურად ჩატარდება, აღიარებული იქნება საარჩევნო ბლოკის ახალი ლეგიტიმური წარმომადგენელი და მისი ხელმოწერით ცესკოში შევა წერილი, სიიდან ვიღაცის ამოსაღებად, ეს იქნება ლეტიმური წერილი და მისი ლეგიტიმური უფლება. ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ვხედავ, ისევე როგორც განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ წერილში, რომელიც ცესკოს სერგო რატიანმა წარადგინა”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ლევან თარხნიაშვილმა.

ცნობისთვის, ”ნაციონალური მოძრაობის” ჯერ კიდევ მოქმედი აღმასრულებელი მდივნის და ცესკოში ამ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის სერგო რატიანის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საარჩევნო სიიდან ამოღებული არიან: - ნინო კალანდაძე, ომარ მეგრელიძე, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ნუგზარ წიკლაური და ეკა ხერხეულიძე.

ამასთან, ”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ”ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიიდან ამოღების თაობაზე ცესკოს განცხადებით მიხეილ მაჭავარიანმაც მიმართა.