ჯოშუა კუჩერა - აშშ საქართველოს ასე აქტიურად არასოდეს დახმარებია, მაგრამ არავინ იცის, ასე გაგრძელდება თუ არა 20 იანვრის შემდეგ

ჯოშუა კუჩერა - აშშ საქართველოს ასე აქტიურად არასოდეს დახმარებია, მაგრამ არავინ იცის, ასე გაგრძელდება თუ არა 20 იანვრის შემდეგ

პორტალ "ევრაზიანეტის" კავკასიის რედაქციის მთავარი რედაქტორის ჯოშუა კუჩერას განცხადებით, სამხედრო თვალსაზრისით აშშ საქართველოს ასე აქტიურად არასოდეს დახმარებია, მაგრამ არავინ იცის, ასე გაგრძელდება თუ არა 20 იანვრის შემდეგ.

„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ჯოშუა კუჩერას აშშ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე, საქართველოში სენატორების - მაკკეინის, გრემის და კლობუჩარის ვიზიტის მნიშვნელობასა და აშშ-ის პოლიტიკის სხვა პერიპეტიებზე ესაუბრა.

საქართველოში სენატორების ვიზიტის შეფასებისას, ჯოშუა კუჩერას განცხადებით, მათ იმის ჩვენება სურდათ, რომ დღევანდელი გაურკვევლობის მიუხედავად, თუ როგორი იქნება აშშ-ის პოლიტიკა რუსეთისა და მისი მეზობლების მიმართ, შეერთებული შტატების მთავრობის ერთი ნაწილი კვლავ საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი და რუსეთის მოწინააღმდეგეა. 

„მოგზაურობის მარშრუტიც - ბალტიისპირეთი, უკრაინა და საქართველო - ცხადყოფს დელეგაციის გზავნილებს, რომელიც რუსეთისა და ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ტრამპისათვის იყო განკუთვნილი: თუ ტრამპი აპირებს, რომ რუსეთისა და საქართველოს მიმართ ამერიკის პოლიტიკა კარდინალურად შეცვალოს, კონგრესი მას წინ აღუდგება“, - განაცხადა კუჩერამ.

ჯოშუა კუჩერა ფიქრობს, რომ თუ ტრამპმა პოლიტიკის შეცვლა ისურვა, ბევრ წინააღმდეგობას შეხვდება კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, პენტაგონსა და სხვა სამთავრობო უწყებებში. მისივე თქმით, შესაძლოა, სენატორების ვიზიტი არჩეულ პრეზიდენტთან საჯარო ოპონირების მცდელობა იყო.

„მე რომ ქართველი ვიყო, ჩემს თავს ვკითხავდი, რითაა დღევანდელი ვითარება განსხვავებული იმისაგან, რასაც უკანასკნელი ათი წელია ვხედავთ. კვლავ გვესმის გზავნილები საქართველოს მიმართ ამერიკის მადლიერებისა და ორი ქვეყნის მტკიცე მეგობრობის შესახებ. მაგრამ იცავს ეს გზავნილები საქართველოს რუსეთისაგან? არა. ჩვენ ეს 2008 წელსაც ვნახეთ. არა მგონია, მას შემდეგ თვისობრივად რაიმე შეცვლილიყოს. ამგვარად, ქართველი რომ ვიყო, ამ ყველაფერს ეჭვით შევხედავდი. მეჩვენება, რომ ეს სტუმრობა სენატორებისათვის კამერებთან პოზირების საშუალება იყო, რაც სინამდვილეში ბევრს არაფერს ნიშნავს. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია ამერიკის პოლიტიკის წვრილმანებს გადავავლოთ თვალი“, - განაცხადა კუჩერამ.

როგორც ჯოშუა კუჩერამ აღნიშნა, მაკკეინს, გრემსა და კლობუჩარს პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად ბევრი ბერკეტი არ გააჩნიათ. 
„გასულ ზაფხულს შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის ახალი შეთანხმება გააფორმა. ეს შეთანხმება უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის დახმარების მიმართულებას ცვლის. აქამდე აშშ საქართველოს ავღანეთში გასაგზავნი კონტიგენტის მომზადებაში ეხმარებოდა. ამიერიდან აქცენტი გაკეთდება ტერიტორიულ თავდაცვაზე, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა უკეთ დაიცვან ქვეყნის ტერიტორია. ქართველებს ყოველთვის ეს სურდათ. საქართველო სამშვიდობო მისიებში იმიტომ მონაწილეობდა, რომ მისიები მისთვის ერთადერთი ამერიკული სამხედრო დახმარება იყო. ამგვარად, საქართველოსათვის უსაფრთხოების სფეროში ამერიკის დახმარების ტრაექტორია პოზიტიურად შეიცვალა, მაგრამ არავინ იცის, ასევე გაგრძელდება თუ არა 20 იანვრის შემდეგ. ზოგადად, სხვა თუ არაფერი, სამხედრო თვალსაზრისით მაინც ამერიკა საქართველოს ასე აქტიურად არასოდეს დახმარებია“, - განაცხადა კუჩერამ.

რაც შეეხება საქართველო-აშშ-ს უშუალოდ ორმხრივი ურთიერთობების პოტენციას, ჯოშუა კუჩერას თქმით, ეს ის თემაა, რომელზეც ჯერჯერობით წარმოდგენა არ აქვთ.

„მოვლენები, შეიძლება, ორივე მიმართულებით განვითარდეს. ტრამპმა ნატო-სთან დაკავშირებით ეჭვები უკვე გამოთქვა. ახალი ადმინისტრაცია ნატო-ს გაფართოებას, ალბათ, ნაკლებ ყურადღებას დაუთმობს. სიმართლე ითქვას, ნატო-ში შეერთებული შტატების გავლენა არასოდეს ყოფილა ისეთი უსაზღვრო, რომ საქართველო ალიანსში შეეყვანა. ამ მიმართულებით ბევრი არაფერი შეიცვლება. ასე ვიტყოდი: ჯერჯერობით ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს. ნათელია, რომ ტრამპმა რუსეთზე ბევრი არაფერი იცის. ნათელია, რომ მას მოსწონს პუტინის, როგორც ძლიერი ტიპის იმიჯი. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ტრამპსა და რუსეთს საერთო პოლიტიკური ინტერესები აქვთ? ვეჭვობ. არა მგონია, თავად ტრამპმა იცოდეს. ჩვენ, მით უმეტეს, წარმოდგენაც კი არა გვაქვს“, - განაცხადა კუჩერამ.