სასამართლო არის დამოუკიდებელი და იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, რასაც უნდა შევეგუოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე ბრალდებული რატი გაჩეჩილაძის გირაოთი გათავისუფლების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
კალაძის თქმით, დამთავრდა დრო, როცა ქვეყანაში ერთი კონკრეტული ადამიანი და პარტია იღებდა გადაწყვეტილებას.
„სასამართლო არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი. იღებს აბსოლუტურად დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და ამას უნდა შევეგუოთ. დამთავრდა წლები, ის დრო, როდესაც ქვეყანაში ერთი კონკრეტული ადამიანი და ერთი პარტია იღებდა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ გელაშვილის ცემის ფაქტი. შეგვიძლია, გავიხსენოთ დავითაშვილის ცემის ფაქტი - უამრავი. ასე რომ, სასამართლო იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და ჩხუბზე რა, უნდა დაეჭირათ? - მე არ ვიცი. თქვენ გეკითხებით, იქნებ გამცეთ პასუხი. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ამიტომ მეც და თქვენც ამ მიმართულებით გაგვიჭირდება რაიმე კონკრეტულზე საუბარი “, - მიმართა კალაძემ ჟურნალისტებს.