რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აფხაზეთში, სოფელ წებელდაში რუსეთის მიერ სამხედრო პოლიგონის მშენებლობას უარყოფს.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური იუწყება, რომ ამ მიმართულებით არავითარი სამუშაო არ მიმდინარეობდა და არც იგეგმება.
„სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურში გაოგნება გამოიწვია საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო საკითხებში მრჩევლის, თენგიზ ფხალაძის განცხადებამ აფხაზეთის სოფელ წებელდაში თითქოსდა რუსული სამხედრო პოლიგონის მშენებლობის შესახებ. არავითარი სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოები სოფელ წებელდაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-7 სამხედრო ბაზის ინტერესებში არ არის და არც იგეგმება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.