დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ვიზის ლიბერალიზაციის საკითხი, ევროკავშირში მიმდინარე პროცესები და ევროკავშირის ქვეყნების წინაშე მდგარი მიგრაციის პრობლემატიკა განიხილეს.
საუბარი იმ ინტერესებს შეეხო, რომელიც ევროკავშირს საქართველოსთან, კონკრეტულად, მიგრაციის საკითხებთან მიმართებით გააჩნია.
ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, მიგრაცია ევროკავშირის ქვეყნებისთვის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა და ევროკავშირი დაინტერესებულია ამ მიმართულებით საქართველოს როლითა და შესაძლებლობებით. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ამ საკითხს ერთი კოორდინატორი ჰყავდეს პარლამენტში.
როგორც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ აღნიშნა, პარლამენტში ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და მიგრაციული თემატიკის და მასთან დაკავშირებული საკითხების კონცენტრირება სწორედ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში მოხდება.
შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, იანოშ ჰერმანი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სამოქმედო გეგმით და პრიორიტეტებითაც დაინტერესდა.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართება.
”საქმიანი ურთიერთობა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან წლებია საინტერესო და მნიშვნელოვანია. დღევანდელ შეხვედრაზეც პარლამენტის კომიტეტსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის სხვადასხვა საკითხებზე თანამშრომლობის პერსპექტივები განვიხილეთ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ზვიად კვაჭანტირაძემ.