126-ე მუხლი, როგორც წესი, წინასწარი პატიმრობის გამოყენებას არ ითვალისწინებს

126-ე მუხლი, როგორც წესი, წინასწარი პატიმრობის გამოყენებას არ ითვალისწინებს

სსკ-ის 126-ე მუხლი, მისი სიმძიმიდან და სანქციიდან გამომდინარე, როგორც წესი, წინასწარი პატიმრობის გამოყენებას არ ითვალისწინებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე ბრალდებული რატი გაჩეჩილაძის საქმის კომენტირებისას განუცხადა.

დეპუტატის თქმით, თუკი საუბარია კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპზე, სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების გამოყენების დროს, საერთო მაღალი სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს.

“ზოგადად, ძალიან მკაფიო პოზიცია მაქვს იმის შესახებ, ძალადობა კარგია თუ არა. ძალადობა არ არის კარგი და ძალადობის გამოვლინება არავის მხრიდან არ მომწონს - ამას არადროს ვუჭერდი მხარს და არასდროს დავუჭერ მხარს. ასევე ვარ წინააღმდეგი, მოხდეს პერსონალური შემთხვევების იმ მასშტაბში აყვანა, რომ მოხდეს ადამიანების დემონიზება. ამიტომ საჭიროა კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი დავიცვათ. ის თუ როგორი უნდა იყოს საქმის კვალიფიკაცია, არც ამაზე საუბარი მგონია სწორი. გამოძიება იმიტომ არის უფლებამოსილებით და პასუხისმგებლობით დატვირთული, რომ კვალიფიკაცია მან უნდა განსაზღვროს. რაც შეეხება წინასწარ პატიმრობას, როგორც იურისტი პირდაპირ და ნათლად გეუბნებით, ამ მუხლზე (სსკ-ის 126-ე მუხლი) წინასწარი პატიმრობის გამოყენება არ ხდება. ეს არის ის კვალიფიკაცია, რაც წარდგენილი აქვს დაკავებულ პირს, რომელმაც თავად აღიარა, რაც მოხდა. 126-ე მუხლი, როგორც წესი, წინასწარი პატიმრობის გამოყენებას არ ითვალისწინებს, მუხლის სიმძიმიდან და სანქციიდან გამომდინარე. წინასწარი პატიმრობის გამოყენება არ ხდება იმის მიხედვით, თუ ვის მიმართ განხორციელდა ძალადობა. ამიტომ თუკი კანონის წინაშე თანასწორიბის პრინციპზე ვსაუბრობთ, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საერთო მაღალი სტანდარტით, რომელიც აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს გამოიყენება”, - განუცხადა ჟურნალისტებს ბესელიამ.

”რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება გაჩეჩილაძეს ”სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლის დარღვევაში ედავება, რაც ძალადობას გულისხმობს.