შერიგებაზე რეაქცია არის პროვოკაციული, ვფიქრობ, დღეს ეს ყველამ ნახა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სერგი კაპანაძემ განუცხადა.
კაპანაძის თქმით, თბილისის ყოფილი მერი მაქსიმალურად ცდილობს, პარტიაში მიმდინარე პროცესების შემობრუნებას.
„მე მგონია, რომ გიგი უგულავას აქვს იმის წონაც და წარსულიც, რომ პროცესების შემობრუნებისკენ ნაბიჯი გადაედგა. დათო ბაქრაძემაც გააკეთა განცხადება, რომ შერიგება მომხდარიყო, გიგიც გულწრფელად ცდილობს თუ არის შესაძლებელი, რომ სიტუაცია განიმუხტოს და ამაში თავისი წვლილი შეიტანოს, როგორც სააკაშვილთან, ისე მეორე ჯგუფთან საუბრით. ის, რომ შერიგებაზე რეაქცია არის პროვოკაციული, ვფიქრობ, დღეს ეს ყველამ ნახა. მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ იმედი გვაქვს და გიგიც ამას აკეთებს, რომ ყველა შანსი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული. თუ არის მცირე შანსი პროცესების შემობრუნების, ყველაფერი უნდა იყოს გამოყენებული და თუ ეს არ მოხდება, იქნება გარკვეული გადაწყვეტილებები მიღებული, რომელსაც ძალიან მალე გაიგებთ“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.