სერგო რატიანი:   „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე გაყოფილია

სერგო რატიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე გაყოფილია

გადაწყვეტილება მიღებულია, რომ დაიშალოს პარტია. ”ნაციონალური მოძრაობა” უკვე გაყოფილია - გაყოფილია პარტია, გაყოფილია ფრაქცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა განუცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტიის დაშლის პროცესი ყრილობის ე.წ. საორგანიზაციო ექვსეულის შექმნით დაიწყო, რომელსაც პარტიის ერთი ფრთა ემორჩილება. მისივე თქმით, არსებობს ლეგიტიმური ორგანო, რომელსაც ემორჩილება მეორე მხარე.

პარლამენტში, ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამუშაო ოთახში ფრაქციის წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

სიტყვიერად ერთმანეთს ნიკა მელია, სერგო რატიანი, აკაკი ბობოხიძე დაუპირისპირდნენ. ნიკა მელიამ თანაფრაქციელები ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა. მან ისიც განაცხადა, რომ ისინი ბავშვივით უჯერებენ გიგა ბოკერიას. მის ამ სიტყვებს მოჰყვა სიტყვიერი შელაპარაკება.

მხარეებმა ერთმანეთს პარტიის დაშლაში დასდეს ბრალი. ბობოხიძემ ნიკა მელიას მიმართა, რომ მას, რომელსაც ერთი აგური არ დაუდია პარტიის მშენებლობის საქმეში, ”მისი წვალებით შექმნილ პარტიას” შლიდა. სიტყვიერი შელაპარაკება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ამ დროისთვის ნიკა მელიამ პარლამენტი დატოვა.

როგორც ცნობილია, ფრაქციის დღეს ჩანიშნული სხდომა, სადაც ფრაქციის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელათ, გადაიდო.