პარტიის შიგნით უკვე არსებითად იდეოლოგიური უთანხმოებაა და ბუნებრივია, რომ ფრაქციაშიც გადაჯგუფება მოხდება

პარტიის შიგნით უკვე არსებითად იდეოლოგიური უთანხმოებაა და ბუნებრივია, რომ ფრაქციაშიც გადაჯგუფება მოხდება

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენება არ გამიკვირდება - როდესაც ასეთი შეუთანხმებლობაა, ძნელად წარმოსადგენია, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე ფრაქციის წევრები ერთს ფიქრობდნენ, ხოლო მათი თავმჯდომარე - მეორეს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით დარჩიაშვილმა განუცხადა.

”პარტიის შიგნით უკვე არსებითად იდეოლოგიური უთანხმოებაა და ბუნებრივია, რომ ფრაქციაშიც გადაჯგუფება მოხდება. მათ შორის ეს ფრაქციის თავმჯდომარეობაზეც აისახება. ამაში არაფერია გასაკვირი - გასაკვირი პირიქით, სხვა რამე იქნებოდა. მიმდინარეობს სერიოზული პროცესი - პარტიის იდეოლოგიური, სტრატეგიული გაყოფა”, - აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.

”ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, აქვს თუ არა ნიკა მელიას დამოუკიდებელი საპარლამენტო ფრაქციის ფორმირების რესურსი ან რამდენად მოსალოდნელია, საპარლამენტო უმცირესობის დაშლა, დარჩიაშვილმა განაცხადა, ”ჯერ სურათი ბოლომდე ნათელი არ არის”.

”ჯერ პროცესი არ დასრულებულა - ადამიანები არიან ფიქრში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ჯერ ეს გადაწყვეტილებები ბოლომდე არ ჩანს. ციხიდან გამოვიდა გიგი უგულავა, რომელმაც თქვა, რომ თუკი ნახევარი პროცენტი არსებობს იმისა, რომ კონფლიქტი გადაწყდეს, ის ამას ეცდება. ჯერ სურათი ბოლომდე ნათელი არ არის”, - აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.

”ნაციონალური მოძრაობის” წევრ ზაზა ბიბილაშვილის ინფორმაციით, ე.წ. ბოკერია-უგულავას გუნდის წევრები პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენებას გეგმავენ. როგორ ბიბილაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მიზნით აღნიშნული ჯგუფი წერილობით, 5 პირის ხელმოწერით მელიას ხვალ, 10:00 საათზე, თბილისში, პარლამენტის შენობაში იბარებს.

ბიბილაშვილის შეფასებით, ”ეს არის საკუთარ ამომრჩეველთან ბრძოლაში დამარცხებული მცირე ჯგუფის მავნებლობა, სანამ ეს ჯგუფი ჯერ კიდევ პარტიის სადავეებთანაა”.