როცა აღიარებ, რომ ბიუჯეტი და შენი პარტიის ჯიბე ერთი და იგივეა, ნებისმიერ პოლიტპატიმრობის საკითხზე საუბარი სპეკულაციაა

როცა აღიარებ, რომ ბიუჯეტი და შენი პარტიის ჯიბე ერთი და იგივეა, ნებისმიერ პოლიტპატიმრობის საკითხზე საუბარი სპეკულაციაა

უგულავას აღიარება მეტყველებს იმაზე, რომ საკუთარი თავისთვის პოლიტპატიმრის წოდება მხოლოდ რაღაც პოლიტიკური დივიდენდისთვის არის საჭირო, თუმცა, როცა აღიარებ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი და შენი პარტიის ჯიბე ერთი და იგივეა, აქ უკვე ნებისმიერ პოლიტპატიმრობის საკითხზე საუბარი სპეკულაციაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც პატიმრობიდან გათავისუფლებულ გიგი უგულავას კომენტარს გამოეხმაურა ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით.

გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის დაპირისპირება საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას არ ამცირებს. მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბარიერის სხვადასხვა მხარეს იქნებიან, თუმცა ამის მიუხედავად, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს „სერიოზული ბოდიში აქვს მოსახდელი საზოგადოებასთან“.

გია ვოლსკის განცხადებით, გიგი უგულავას ამნისტიაც შეეხო.

„არა მგონია, ბარიერს იქეთ ან აქეთ მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი არ იყოს დამნაშავე თუნდაც ირიბად იმ ოჯახების გაუბედურებაში, რომლებიც არაერთი გვყავს საქართველოში. ბიზნესმენებს აღარ ჩამოვთვლი და წართმეულ და წაგლეჯილ ქონებას. რასაკვირველია, მთელი ცხოვრება ციხეში ვერ იჯდებოდა. ამნისტიაც შეეხო, რომელიც ჩვენი კანონით არის გარანტირებული ამ მუხლისთვის, რომელსაც ექვემდებარება მისი დანაშაული, მაგრამ ეს ყველაფერი წუთიერია, ძალიან მოკლე პერიოდია საერთოდ, პოლიტიკური ცხოვრება ნებისმიერი ადამიანისთვის", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე ბრალის აღიარებას კატეგორიულად უარყოფს.

როგორც უგულავამ გუშინ, საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, ინფორმაცია, თითქოს მან ბრალი აღიარაა, რეალობის არასწორი ინტერპეტაციაა.