გიორგი ალიბეგაშვილი დავით ნარმანიასთან და  საკრებულოს წევრებთან ერთად ალილოს მსვლელობას შეუერთდა

გიორგი ალიბეგაშვილი დავით ნარმანიასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ალილოს მსვლელობას შეუერთდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, დედაქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან, წარმოადგენლობითი ორგანოს წევრებთან და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებთან ერთად ალილოს ტრადიციულ მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა. საკრებულოს დეპუტატები და მერიის წარმომადგენლები მეალილოეებს თავისუფლების მოედანზე დახვდნენ, შობის დღესასწაული მიულოცეს და საშობაო ნობათი გადასცეს.

თეატრალიზებული მსვლელობა ტრადიციულად ვარდების მოედნიდან დაიწყო. ალილოს მონაწილეებმა შოთა რუსთაველის გამზირის გავლით თავისუფლების მოედანი, ალექსანდრე პუშკინისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩები გაიარეს და ელენე ახვლედიანის ქუჩით პრეზიდენტის სასახლესთან მივიდნენ.

მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.

 საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს. ტრადიციისამებრ, ალილოს შობის სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ ზეიმობენ, რომლის დროსაც მრავალი ეკლესიის მრევლი სასულიერო პირებთან ერთად ალილოს მსვლელობას უერთდება.

მსვლელობის მონაწილეები მოსახლეობას ქრისტეს შობას გალობით ამცნობენ და მათგან საშობაო ნობათს, ძირითადად, ტკბილეულს იღებენ. ყოვლადწმინდა სამებაში თავმოყრილი შემოწირულობა, ტრადიციულად, ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში ნაწილდება.