ირაკლი გოგავა:  გიგი უგულავას გათავისუფლება

ირაკლი გოგავა: გიგი უგულავას გათავისუფლება "ოცნების" და ბოკერია-უგულავას ჯგუფის შეთანხმების შედეგია

გიგი უგულავას თავისუფლების სანაცვლოდ ბოკერიას ჯგუფმა სააკაშვილს და ახალაიას დაჯგუფებას"რევოლუციური სცენარი" ჩაუშალა, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა ირაკლი გოგავამ თბილისის ყოფილი მერის ციხიდან გამოშვების შეფასებისას განაცხადა.

გოგავა მიიჩნევს, რომ გიგი უგულავას გათავისუფლება"ქართული ოცნების" და ბოკერია-უგულავას ჯგუფის შეთანხმების შედეგია, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წლის მაისში დაიდო.

”სწორედ ეს გაახმოვანა პრემიერის მეგობარმა დავით კოღუაშვილმა მაისში, როცა განაცხადა, რომ უგულავა მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანას ციხის გარეთო. კოღუაშვილმა მაშინ იჩქარა და კარტები გახსნა, რისთვისაც "გარიყეს" კიდეც პარტიიდან. უგულავას თავისუფლების სანაცვლოდ ბოკერიას ჯგუფმა "რევოლუციური სცენარი" ჩაუშალა სააკაშვილს და ახალაიას დაჯგუფებას. ”ნაციონალური მოძრაობის” ეს ფრთა გადატრიალებისთვის ემზადებოდა და ამის შესახებ მქონდა ინფორმაცია უკრაინიდან. ვფიქრობ, რომ ხელისუფლების არჩევანი შეზღუდული იყო: თუ უგულავას ციხიდან გამოსვლაზე უარს იტყოდა, მინიმუმ ორთვიან არეულობას მიიღებდა ქვეყანაში თავისი მიტინგებით, შეტაკებებით, ცემა-ტყეპით, ხაბაზის "ავტომაიდანით" და მოლოტოვის კოქტეილებით "თავისუფალი ზონისგან". ეს პროცესი დააქცევდა ქართულ ეკონომიკას. უგულავას გარეთ გამოსვლა აშკარაა, რომ გააძლიერებს ბოკერიას ფრთას „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა დავაში. ხელისუფლებამ წაუგებელი ითამაშა: უგულავას განთავისუფლებაზე შეთანხმებით ქვეყანას არეულობა ააცილა თავიდან და გახლიჩა ”ნაციონალური მოძრაობა”. ერთი კი უნდა ითქვას: თუ კანონი "შემსუბუქდა" უგულავასთვის, აუცილებელია ყველა იმ ადამიანის ამნისტირება, ვინც მსგავს ან ნაკლები სიმძიმის დანაშაულზე იხდის სასჯელს!”, - წერს გოგავა ”ფეიბუქის” პირად გვერდზე.

ყოფილი დეპუტატი აქვე აღნიშნავს, რომ გარიგებას როგორც ”ქართული ოცნება” ასევე ”ნაციონალური მოძრაობის” ნაწილიც კატეგორიულად უარყოფს, თუმცა ”ეს უარყოფა დასაჯერებელი არაა”.